- ზუგდიდის მერიამ სხვადასხვა სფეროს დამსახურებელი წარმომადგენლები დააჯილდოვა. აღნიშნული ღონისძიება წელს პირველად ჩატარდა.
“ზუგდიდის დამსახურებელი მხატვარ-კერამიკოსის” საპატიო წოდება მიენიჭა რობერტ აბსანძეს-მხატვარს, ფერმწერს, კერამიკოსს, ადამიანს, რომელიც არის ქალაქის შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიის დამფუძნებელი, მან დაარსა ზუგდიდელთა და ზუგდიდის სტუმრებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი „ორკოლ სტუდია“. რობერტ აბსანძე გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან პერიოდულად მონაწილეობდა კოლხეთის არქეოლოგიურ ექსპედიციებში და ამიტომაც უძველესი კოლხური კულტურის ინსპირაციით მისი არაერთი ნამუშევარია შექმნილი, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია მიმოფანტული და კოლხეთის მიწის მადლსა და იდუმალებას აცნობს სამყაროს. მისი ნამუშევრები დაცულია საფრანგეთში, ინგლისში, ამერიკასა და სხვა ქვეყნების კერძო კოლექციებში. მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო ბიენალეზე, ნამუშევრები იფინებოდა მშობლიურ ქალაქ ზუგდიდსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 2016 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული მისი ნამუშევრების პერსონალური გამოფენა.
“ზუგდიდის დამსახურებული მოქანდაკის’’ საპატიო წოდება მიენიჭა – ჯუმბერ ჯიქიას -მრავალრიცხოვანი მონუმენტური ქანდაკების ავტორს, სხვადასხვა წლებში თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების კათედრის ხელმძღვანელს, საქართველოს მხატვართა კავშირის ქანდაკების სექციის თავმჯდომარეს, ქანდაკების საერთაშორისო ცენტრ ,,კირბების“ პრეზიდენტს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს, ქალაქ რუსთავის საერთაშორისო სიმპოზიუმების ორგანიზატორს, ქალაქ რუსთავის საპატიო მოქალაქეს. მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო კონკურსსა და სიმპოზიუმში (საფრანგეთი, იტალია, პოლონეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ავსტრალია, იტალია, იაპონია, საბერძნეთი, ეგვიპტე, კუვეიტი, ბაჰრეინი, თურქეთი, საუდის არაბეთი, მაროკო, უკრაინა, ინდოეთი). ჯუმბერ ჯიქიას ნამუშევრები და პროექტები, რომლებიც მან ზუგდიდში განახორციელა: პირველი ქართველი პროფესიონალი მოჭადრაკისა და სამეგრელოს პრინცის, ანდრია დადიანის სკულპტურა, იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი, ზუგდიდის ანდრია დადიანის სახელობის სკვერის სამშენებლო სამუშაოები, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბარელიეფი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე, 1924 წელს აჯანყებაში მონაწილე რეპრესირებულ მამულიშვილთა ხსოვნის მემორიალი, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი.
“ზუგდიდის დამსახურებული ჟურნალისტის“ საპატიო წოდება მიენიჭა-ნათია(ნათიკო) ჯგუშიას– მრავალწლიანი ჟურნალისტური მოღვაწეობისთვის. იგი სხვადასხვა წელს იყო: ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი და თავმჯდომარე, 1998 წლიდან რედაქტორობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთს ,,ეგრისის მაცნეს“, რომელიც უკვე 28 წელია გამოდის და დღემდე გამოცემულია 544 ნომერი, ასევე გამოსცა ჟურნალი ,,ეგრისი.“ ნათია ჯგუშიას ავტორობითა და რედაქტორობით გამოცემულია 100-ზე მეტი წიგნი და სამეცნიერო ნაშრომი. იგი მრავალგზის იყო არჩეული საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ყრილობის დელეგატად, ქალთა საბჭოს წევრად, საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის ,,ქალდეა“ წევრად და აკადემიკოსად. იგი დაჯილდოებულია სხვადასხვა ოქროს დიპლომითა და ღირსების ორდენით.
,,ზუგდიდის დამსახურებული მასწავლებლის“ საპატიო წოდება მიენიჭა მანანა ნაჭყებიას – პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის. პროფესიით ფსიქოლოგს, ფილოსოფიის ისტორიის სპეციალისტს. მანანა ნაჭყებია ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზიის დირექტორია, რომელიც 1994 წელს, დღიდან მისი დაარსებისა დღემდე ხელმძღვანელობს პირველ სასულიერო სასწავლებელს ჩვენს ქალაქში. გიმნაზია დაფუძნდა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის იმჟამინდელი მღვდელმთავრის მიტროპოლიტ დანიელ(დათუაშვილის) მოღვაწეობის დროს და ღირსეული ადგილი უჭირავს ქალაქის საზოგადოებრივ და სასულიერო ცხოვრებაში.მანანა ნაჭყებიას ხელმძღვანელობით გიმნაზიაში ფუნქციონირებს ბიბლიის შემსწავლელი, გალობის და ხალხური სიმღერების, ქართული ცეკვის და ხელოვნების წრეები. ტარდება ტრადიციული სააღდგომო ფესტივალი. ასევე, აღსანიშნავია გიმნაზიაში არსებული ,,ღვაწლმოსილ პედაგოგთა კლუბი“, რომელთა წევრები ამაგდარი პედაგოგები თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ გიმნაზიის ახალგაზრდა მასწავლებლებს. გიმნაზიის არსებობის 30 წლის მანძილზე მის კედლებში მართლმადიდებლურ, ეროვნულ ფასეულობებზე აღზრდილი ახალგაზრდები ჩვენი საზოგადოების ღირსეული წევრები არიან.
მანანა ნაჭყებია დაჯილდოებულია პატრიარქის ოქროს მედლით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმეს ინიციატივით, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა სიგელითა და ღვთისმშობლის კვართის გამოსახულების სამკერდე ნიშნით, პრეზიდენტის ღირსების ორდენით.
“ზუგდიდის დამსახურებული ექიმის“ საპატიო წოდება მიენიჭა გულნარა ქარჩავას – ექიმ-ინფექციონისტს, მედიცინის სფეროში 45 წლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის. “სახალხო ექიმსა და მკურნალს“, რომელსაც თავისი სფეროს ურთულეს მიმართულებაში არაერთი სიცოცხლე გადაურჩენია, რაზეც მეტყველებს ასობით მადლიერი პაციენტის და მათი ოჯახის წევრების გამოხმაურებები. იგი სხვადასხვა წლებში მუშაობდა: ერისწყალის საექიმო პუნქტის გამგედ, ზუგდიდის მოზრდილთა პოლიკლინიკის თერაპევტად, ზუგდიდის საექიმო ფიზკულტურის დისპანსერის მთავარ ექიმად, ენგურქაღალდკომბინატის საავადმყოფო პოლიკლინიკის და ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ინფექციონისტად.იგი დაჯილდოებულია არაერთი მედლითა და სიგელით.
ღონისძიება ელენე ფოჩხუას კონცერტით დაიხურა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს