ხატია თორდიას წარმატებული გზა ზუგდიდიდან დუბაიმდე


  • ზუგდიდელი ხატია თორდია, 8 თვეა “Rustar Tourism”- ის დუბაის მთავარ ოფისში გაყიდვების მენეჯერის პოზიციას იკავებს. ხატია, მის მიერ განვლილ გზებზე და მიღწეულ წარმატებებზე “ზუგდიდელებთან” საუბრობს.

ხატია თორდია: დავიბადე ზუგდიდში, ზუსტად იმ დღეს, როდესაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დაიწყო. მახსოვს მძიმე დღეები თუმცა ასაკის გამო მოვლენების სიმძიმეს სრულად ვერ აღვიქვამდი.
საშუალო განათლება ზუგდიდის №4 სკოლაში მივიღე. პროფესიული და აკადემიური განვითარება უკვე თბილისში გავაგრძელე.
ვსწავლობდი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს უნივერსიტეტში, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ტურიზმის მიმართულებით. როგორც სამეგრელოს შვილი, სტუმარმასპინძლობა განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი სფერო აღმოჩნდა ჩემთვის.

რაც შეეხება კარიერულ ნაბიჯებს

-კარიერის პირველი ნაბიჯები გადავდგი ბოლო კურსზე, როცა დავიწყე მუშაობა თბილისის ბუტიკურ სასტუმრო „River Side Hotel”- ში, რაც ჩემი პროფესიული განვითარების მყარი საფუძველი გახდა. მოგვიანებით, შევუერთდი საერთაშორისო ბრენდ “Hotels & Preference Hualing”-ს და ბოლო 5 წელი ვმუშაობდი სტუმართმოყვარეობის მსოფლიო წამყვან ლიდერ,  Accor-ის ჯგუფთან ერთად, ხოლო ბოლო ორი წელი “Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ამ წლების განმავლობაში, მქონდა საშუალება მონაწილეობა მიმეღო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე, ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა: არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, პოლონეთი, სომხეთი, უზბეკეთი და ა.შ.

თუმცა, თქვენს კარიერაში იყო მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მომენტებიც

– ნამდვილად იყო გარდამტეხი მომენტი, როცა Accor-ის დუბაის რეგიონალური ოფისიდან მივიღეთ ახლო აღმოსავლეთი ქვეყნების წამყვანი ტურისტული სააგენტოების სია. სულ ხუთი დასახელებიდან, სიის სათავეში “Rustar Tourism”- ი, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი იოსებ ( სოსო ) ნონიაშვილი იყო ნახსენები. ფაქტი იყო, რომ კომპანიას ამაყად ჰქონდა დამკვიდრებული თავი საერთაშორისო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე  კონკურენტულ ბაზარზე, ქართული სახელი და გვარი ჩემთვის ძლიერი შთაგონების წყაროდ იქცა. ალბათ იქიდანვე გამიჩნდა სურვილი, უმსხვილეს საერთაშორისო სტუმარ-მასპინძლობის ცენტრში, დუბაიში, მეც გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები და ფიქრები რეალობად მექცია. მრავალი შრომისა, მოლაპარაკებებისა და მტკიცე მოტივაციის შედეგად, დღეს უკვე “Rustar Tourism”- ის დუბაის მთავარ ოფისში, გაყიდვების მენეჯერის პოზიციას ვიკავებ. კომპანიში, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე 20-წლიან გამოცდილებას ითვლის, რომელიც საქართველოსთვის უმსხვილესი ბიზნეს გენერატორია, რომელიც წარმატებით არის წარმოდგენილი ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, მალდივები, სეიშელები, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქეთი, კატარი, მავრიკი, ვიეტნამი და რაც მთავარია საქართველოში. მიხარია, ამ ამბიციურ სამომავლო მიზნებსაც სიამოვნებით რომ ვუწევ თანამონაწილეობას.

ხატია, როგორი გრძნობაა სამშობლოსგან შორს ყოფნა?

– უკვე 8 თვეა დუბაიში ვიმყოფები. სამშობლოსგან შორს ყოფნა ჩემთვის პირველი გამოცდილება და საკმაოდ რთული გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა მჯერა, რომ დროებითი სირთულეები, მომავალში, შინაგან სიამაყემდე მიმიყვანს.

სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობამ რა გამოცდილება მოგცათ?

– თითოეულმა მოგზაურობამ გააღრმავა ჩემი პროფესიული ხედვა და გააძლიერა პასუხისმგებლობა სფეროს მიმართ.

ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ცხოვრებაში?

– ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის, განსაკუთრებით დედის, რომელმაც სწორ ფასეულობებსა და პრინციპებზე გამზარდა.15 წლიანი აქტიური პროფესიული საქმიანობის შემდეგ, როცა თითქმის ყველა შვებულება საზღვარგარეთ მოგზაურობას ეძღვნებოდა, პირველად მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება – ჩემი ყოველი მომდევნო თავისუფალი დრო საქართველოს უკეთ შეცნობას მივუძღვნა. ამ გზას სამეგრელოდან, ჩემი ფესვებიდან ვიწყებ – „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ…“

ამ თავგადასავალს ჩემს ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ გამოცდილებად ვაქცევ. განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ მოგზაურობაში ჩემი შვილი – ნია, აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. მსურს, პატარა ასაკიდანვე, გაუჩნდეს შეგრძნება, თუ რა საოცარი და გამორჩეული კუთხიდან მოდის. და თუ კი, ოდესმე გადაწყვეტს განათლების, ან პროფესიული გზის გაგრძელებას საზღვარგარეთ, არასოდეს დაავიწყდეს ეს ემოცია – რომ მისი ფესვები მოდის პატარა, მაგრამ საოცრად მდიდარი და ღირებული მხარიდან, რომელიც მუდმივად მისი სიამაყის წყარო იქნება.

საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!