გია გვაძაბიამ ოჯახის ტრადიცია გააგრძელა


  • როგორც მოგეხსენებათ, საქართველო აგრარული ქვეყანაა. აქ, ოდითგანვე, განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა. სოფელში თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რძის ნაწარმი ჩვენთან იყო და არის დიდ პატივში. რამდენადაც ტკბილია, გემრიელია სულგუნი, ჭყინტი ყველი და ზოგადად სხვადასხვა სახეობის ყველი, ელარჯი, ხაჭაპური, იმდენად შრომატევადია შინაური რქოსანი პირუტყვის მოვლა – პატრონობა, ნამატის შენახვა, კარგი დოვლათის მიღება. “ზუგდიდელების” სტუმარია მესაქონლე – ბიზნესმენი გია გვაძაბია.

– გია, პროფესიით ინჟინერი ბრძანდებით, მაგრამ მესაქონლეობას მისდევთ, როგორ ართმევთ თავს?

 -ჩვენს ოჯახში, საქონელს, ტრადიციულად უფროსები უვლიდნენ, მე ვეხმარებოდი, მაგრამ უფრო ჩემი პროფესიით და სამსახურით ვიყავი დაკავებული. როცა ჩემს მშობლებს საქონლის მოვლა არ შეეძლოთ, სხვა გამოსავალი არ მქონდა – ან სამსახური უნდა ამერჩია, ან საოჯახო მეურნეობას  გავძღოლოდი. მე, საქონელს ვერ შეველიე და ფერმერობა ვარჩიე. ამჟამად, თხუთმეტი სული ძროხა მყავს. სამუშაო ბევრია და საკმაოდ მძიმეც, მაგრამ ის უპირატესობაც გაქვს, რომ შენ თვითონ გეგმავ, რა გააკეთო. რაც უფრო მეტ ხანს აკეთებ ერთსა და იმავე საქმეს, მით უფრო ეჩვევი და გიადვილდება. ძროხებიც ცოცხალი არსებები არიან და რაღაც წესებს ისინიც ემორჩილებიან. როცა ფერმაში მივალ და დავუძახებ, თვითონ დგებიან თავთავიანთ ადგილებზე და საკვებს და მოწველას ელოდებიან. ყოფილა შემთხვევა – მოვწველე ძროხა და უნდა ავუშვა, თურმე დაბმული არც ყოფილა, იდგა და ელოდებოდა თავის რიგს. არსად არ წასულა, სანამ  რიგმა არ მოუწია.

– როგორც წესი, დილით, მეწველ ძროხებს, საკვებთან ერთად, განსაკუთრებული ზრუნვაც სჭირდებათ…

– საკვებით უზრუნველყოფა ახლა ძნელი არ არის. საკვების მწარმოებლები საკმარისად არიან, – დაურეკავ და ადგილზე მოგიტანენ თივას, სილოსს, თუ კომბინირებულ საკვებს. ისე არ არის, როგორც ადრე, როცა მთელი შემოდგომა თივა უნდა მეთიბა რომ ზამთრის საყოფი ყოფილიყო. ამას კი, უამრავი დრო და ენერგია სჭირდებოდა.

–  გია, თქვენს საოჯახო ბიზნესში კიდევ ვინ არის ჩართული?

– საქმეს, ძირითადად მე ვუძღვები… როცა სცალიათ, ჩემი მეუღლე, შვილი და შვილიშვილი მეხმარებიან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მეხმარება სურსათის ეროვნული სააგენტოს ზუგდიდის ოფისი – ბატონი ზენორ გულაია და მისი თანამშრომლები მზად არიან, დახმარება გამიწიონ ნებისმიერ საკითხში. რეგულარულად მოდიან საქონლის ასაცრელად. უკეთებენ მარკირებას, ამოწმებენ რძის ხარისხს, მატყობინებენ, პროდუქტის წარმოებისა და გაყიდვების წესებში მომხდარი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.

ახალსოფელში, ყოფილი მეცხოველეობის ფერმის ტერიტორიაზეა ჩვენი ადგილსამყოფელი. კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ, მიწები, სოფლის მაცხოვრებლებზე გადანაწილდა. მე, მიწა, მათგან შევიძინე. როგორც იცით, გასულ წელს, სახელმწიფომაც უდიდესი სამუშაოები ჩაატარა მთელ საქართველოში და მიწები საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა.

თქვენი დღე საკმაოდ დატვირთულია… დღის განმავლობაში, რძე და რძის ნაწარმის მომხმარებლებთან მიტანაც უნდა მოასწროთ…

– მუშაობის გრაფიკი მართლაც დატვირთულია. დასვენების დღე, ან შეუძლოდ ყოფნა ჩემთვის არ არსებობს – მიუღებელია, საქმის ღალატია. ვცდილობ, არაფერი გამომრჩეს, ყველაფერი დროზე და ხარისხიანად უნდა გავაკეთო. რძე და რძის ნაწარმით ვამარაგებ მაღაზიებს, მინიმარკეტებს, ინდივიდუალურ შემკვეთებს.

– ყმაწვილკაცობაში იფიქრებდით რომ მესაქონლეობას აირჩევდით თქვენი ცხოვრების მთავარ საქმედ…

– ასაკის ცვლილებასთან ერთად, სხვადასხვა პროფესია მიზიდავდა, – ხან ფეხბურთელი მინდოდა გავმხდარვიყავი, ხან არქეოლოგი, ხან ელექტრიკოსი… ისე, ელექტრიკოსი მართლა გავხდი. თან ისეთ კოლექტივში მომიწია მუშაობა, როგორიც ენგურჰესია, – ძლიერი პროფესიონალების გვერდით, – მაღალი ძაბვის ხაზების სარემონტო ბრიგადაში ვმუშაობდი.

– ხართ თუ არა კმაყოფილი თქვენი გადაწყვეტილებით, თქვენი არჩევანით –  შეგექმნათ საოჯახო ფერმა…

 – რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ და მადლობელი ვარ უფლის, რომ ეს ძალიან შრომატევადი საქმე გამომივიდა. ჯერჯერობით, მუშახელის აყვანის შესაძლებლობა არ მაქვს, რადგან არ მაქვს იმდენი შემოსავალი. არადა, ძალიან შემიმსუბუქებდა საქმეს.

– ოჯახზე მოუყევით ზუგდიდელებს…

-მყავს მეუღლე, ნანა ჭედია. ჩვენი ვაჟიშვილი, ირაკლი გვაძაბია, სენაკში, ექიმია. მისი მეუღლე და ჩვენი რძალი, თამთა მელუაც ექიმია. ჰყავთ ორი შვილი – 11 წლის დათა და 7 წლის გიორგი.

ჩვენი ტრადიციული შეკითხვა – რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

 – დიდი სურვილი მაქვს იყოს მშვიდობა და ერთმანეთის პატივისცემა. ერთმანეთის სიყვარული და მერე ყველაფერი კარგად იქნება!

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 23 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!