- ოზურგეთელი ნინო ჩიგოგიძე, ქალიშვილის ოჯახთან ერთად, დროებით, ზუგდიდში ცხოვრობს. 6 წლის წინ ვწერდით მასზე. დიახ, ეს ის ქალბატონია, ვინც სიცოცხლე გაუხანგრძლივა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბზების ხევანს, რომელსაც ხავსი “ჭამდა”.
ნინომ, მარტივად, მაგრამ ურთულესი შრომით, დანის პირით, ხელით, სათუთად, გაასუფთავა ბზები ხავსისგან, შემდეგ კირით შეათეთრა. ბზებმა “ამოისუნთქეს” და სიცოცხლე გააგრძელეს. მას შემდეგ თითქმის ექვსი წელიწადი გავიდა. ბზებს ისევ და დრო და დრო სჭირდებათ გაწმენდა, კირით შეთეთრება და ნინოც ისევ დანით ხელში სათუთად აცლის მათ ხავსს და ისევ უხანგრძლივებს სიცოცხლეს. ნინოს მესაიდუმლე და ხელის შემშველებელი ამ მნიშვნელოვან საქმეში, ეკლესიის წინამძღვარი, მამა მალხაზია. ნინოს კირი უკვე შეძენილი აქვს და ჩვენი შეხვედრისთვის ხეივნის გარკვეული ნაწილიც გაწმენდილ შეთეთრებული. სამუშაოს გულმოდგინედ აგრძელებს მანამ, სანამ ამინდებია… ბევრგან სირთულეა, მაგალითად, ზოგიერთი ბზის ტანს ვერ სწვდება გასაწმენდად. 10 მეტრის სიმაღლის კიბე მჭირდებაო ამბობს, რომ დაუბრკოლებლად ვიმუშაოო.
საგაზაფხულო სამუშაოებიც აქვს დაგეგმილი – ეკლესიის ირგვლივ ყვავილების დარგვას და დეკორატიული კომპოზიციების გაკეთებას ფიქრობს, რა თქმა უნდა, მამების კურთხევით და თანადგომით. მარტო მუშაობს ნინო. შევატყვე თანამოაზრეებზე და დამხმარეებზეც არ იტყოდა უარს,- საქმესაც ასწავლიდა მსურველს – უფრო სწორად ბზის მოფერებას, რომელსაც ნამდვილად უნდა ვეფერებოდეთ და ვუვლიდეთ კოლხები, რადგან ძალიან რთულია დაავადების შემდეგ ბზის გადარჩენა. გაიარეთ დადიანების კარის ეკლესიის მხარეს, გაიცანით ოზურგეთელი ქალბატონი, რომელიც პერიოდულად სტუმრად იმყოფება ზუგდიდში და დიდ საქმეს აკეთებს ზუგდიდელებისთვის. გაესაუბრეთ მას და მიიღეთ მისგან მუხტი, როგორ უნდა გვიყვარდეს ქვეყანა, ქალაქი, სამყაროს ნებისმიერი მსუნთქავი არსება და ზოგადად, სიცოცხლე.
“ზუგდიდელები” ზუგდიდელების სახელით, მადლობს ნინო ჩიგოგიძეს ამ ღვაწლისთვის და სიყვარულისთვის.