ცირა ქადარია – მასწავლებელი და მეგობარი


  • “ზუგდიდელების” სტუმარია ახალკახათის საჯარო სკოლის პედაგოგი, ინგლისური ენის სპეციალისტი ცირა ქადარია.

-ცირა გაეცანით ზუგდიდელებს!

-დავიბადე 1982 წლის 23 ივლისს. დავამთავრე ახალსოფლის საჯარო სკოლა. უმაღლესი განათლება მივიღე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფესიით ვარ უცხო ენის, კერძოდ ინგლისურის მასწავლებელი. ვმუშაობ ახალკახათის საჯარო სკოლაში. მყავს ბევრი წარმატებული მოსწავლე. ვარ დაოჯახებული, მყავს მეუღლე რომან დოხნაძე და ორი ქალიშვილი. ჩემი უფროსი გოგო ნინი დოხნაძე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის მეორე კურსის სტუდენტია. მიყვება დედის ნაკვალევს. უმცროსი გოგო ლიზი დოხნაძე აკაკი წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეა. ჩემი პროფესიის არჩევა უკავშირდება ჩემი ბავშვობის ოცნებას, რომელიც რეალობად ვაქციე. ცხოვრების ჯანსაღმა წესმა მომაპოვებინა საზოგადოებაში ჩემთვის სრულიად მოულოდნელი ავტორიტეტი და ვცდილობ, ბოლომდე ვიყო მოწოდების სიმაღლეზე.

-ცხოვრება სირთულეებითაა სავსე…

-დიახ, მაგრამ ჩემთვის, ნდობაზე და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობაა ყოველდღიური საზრდო. ეს მაკავშირებს თითოეულ ადამიანთან -კოლეგასთან თუ მოსწავლესთან. მნიშვნელოვანია, როცა საჭირო დროს ხდები მათი მხარდამჭერი. ვფიქრობ, მომავალი თაობისთვის ვარ მაგალითის მიმცემი როგორც პედაგოგი, ასევე კარგი მეგობარი. მყავს ამ თაობის შვილი, რომელიც მეხმარება ვიყო ახალგაზრდების მუდმივი მხარდამჭერი.

-“ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ“…

-როგორც გითხარით, ბავშვობიდან მქონდა სურვილი ვყოფილიყავი მასწავლებელი. ჩემი დევიზია ვიყო აქტიური… არჩეული პროფესია მაბრუნებს ბავშვობაში და ეს ბავშვობა არის უბოროტო. ალბათ ამიტომაცაა ჩემი თითოეული ნაბიჯი წარმატებული. ვარ ყველასათვის საყვარელი მასწავლებელი. როგორც მოსწავლეები მეძახიან, „ზღაპრის გმირის სადარი მეგობარი“. ვცდილობ, მაქსიმუმი მივცე მათ ჩემთან ურთიერთობით. ვაზიარო სიახლეებს, შევაყვარო სამშობლო. ხშირად ვეპატიჟები მათ ისეთ აქტივობებზე, როგორიცაა საქართველოს კუთხის ისტორიის შესწავლა. ვარ თავდაუზოგავი და სიგიჟემდე შეყვარებული საკუთარ პროფესიაზე.

ცირა ქადარია მოსწავლეებთან

-ასეთი დატვირთული სამუშაო რეჟიმით ხომ არ გიჭირთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა?

-ჩემი ოჯახი ჩემი სიძლიერეა. მათი მხარდაჭერა მაძლიერებს და მაახალგაზრდავებს, ჩემი ოჯახის წევრები ჩემი ფრთებია. რომ არა მათი გვერდში დგომა და ხელშეწყობა, დღეს ასეთი წარმატებული და ძლიერი არ ვიქნებოდი. …და მიუხედავად დატვირთული რეჟიმისა, ვახერხებ ჩემი ოჯახის წევრებთან, მშობლებთან, დედ მამისშვილებთან თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარებას. მინდა გითხრათ – ჩემი სიმშვიდე ჩემი ოჯახია, ჰარმონია კი, ჩემს მოსწავლეებთან ურთიერთობაა. თავისუფალ დროსაც ვატარებ ჩემს შვილებთან და მოსწავლეებთან ერთად. ვაწყობ აბიტურიენტებთან მეგობრულ გასვლებს, ექსკურსიებს ქალაქგარეთ. ეს ხდება მინიმუმ ორჯერ მაინც წელიწადში და მაბედნიერებს ის ფაქტი, როცა ახალგაზრდებისგან მესმის სიყვარულით ნათქვამი ფრაზა: „ციკოს დაუვიწყარი ექსკურსიები“.

-ზოგადად, რა აზრის ხართ დღევანდელ ახალგაზრდობაზე?

-დღევანდელი ახალგაზრდობა უფრო განვითარებულია.

-ადამიანის თვისებაში რას აფასებთ და რა არ მოგწონთ?

-მე როგორც პედაგოგი, ადამიანში ვაფასებ ადამიანობას, გულწრფელობას და პირდაპირობას. არ მიყვარს ბოროტი ადამიანები. მე ამაყი ვარ ჩემი თვისებებით.

-ხართ თუ არა ტრადიციული? თქვენთვის გამორჩეული დღესასწაული რომელია?

-რა თქმა უნდა ვარ ტრადიციული. ჩემს ოჯახში ყველა დღესასწაული დღესასწაულობს, მე, პირადად, მიყვარს შობა და აღდგომის დღესასწაულები.

-ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვის ემადლიერებით?

-ყოველ დილა – საღამოს მადლობას ვუხდი ღმერთს იმისთვის რაც გამაჩნია.

-რა არის თქვენი ოცნება?

-ჩემს ყველა ოცნებას ფრთებს ვასხამ. ჩემი შვილების ბედნიერებისთვის გავაკეთებ ყველაფერს. სწორედ მათი ამ ქვეყნად მოვლენაა ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო დრო.

-რას უსურვებთ ახალგაზრდებს, ზუგდიდსა და სრულიად საქართველოს?

-ახალ თაობას ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, პატივი სცენ ჩვენს ადათ-წესებს და ტრადიციებს. საქართველოს ვუსურვებ გამთლიანებას, ზუგდიდელებს კი, უღრუბლო, მშვიდობიანი ზეცის ქვეშ ცხოვრებას.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!