- საარჩევნო ადმინისტრაციის პროექტის “საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების“ ფარგლებში, დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ამომრჩევლები საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობას გაეცნენ.
შეხვედრის მონაწილეები პირადად გაეცნენ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. მოეწყო კენჭისყრის იმიტაცია, კერძოდ საარჩევნო მოხელეების მეთვალყურეობით, დაინტერესებულმა პირებმა გაიარეს ხმის მიცემის პროცედურები (საცდელი წრის გაფერადება, ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება). ასევე, მიიღეს დეტალურ ინფორმაცია, როგორც უშუალოდ საარჩევნო აპარატების გამოყენების, ისე საქართველოში საპილოტე რეჟიმში ჩატარებული ელექტრონული არჩევნების შესახებ.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღო, ორიათასამდე მოქალაქემ. “კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, მოვიდნენ, დარეგისტრირდნენ მიიღონ მონაწილეობა იმიტირებლ კენჭისყრაში და თავად, უშუალოდ, გამოსცადონ ელექტრონული ტექნოლოგიები არჩევნებამდე”.
ინფორმაციისთვის: საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს ივლისის ყოველ შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით არსებული 89 ლოკაციიდან შეარჩიოს მისთვის სასურველი, მონაწილეობა მიიღოს იმიტირებულ კენჭისყრაში და ნახოს როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატურა. საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირების მიზანი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, რადგან ამომრჩეველთა თითქმის 90% 26 ოქტომბერს ხმას სწორედ ამ ელექტრონული აპარატების გამოყენებით მისცემს.