გარემოვაჭრეებმა მერიასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს


მერიასთან შეკრებილი მოვაჭრეები ითხოვდნენ ქალაქის მერთან ირაკლი გოგოხიასთან შეხვედრას, მაგრამ შენობაში შესვლის ნება არ მისცა დაცვამ.  მოსალაპარაკებლად ხუთი მოვაჭრე ქალბატონი შეხვდა მერის მოადგილეს კობა ჯიქიას. გარეთ დარჩენილი მოვაჭრეები ჟურნალისტებთან საუბრობდნენ მათ მძიმე სოციალურ  და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მოვაჭრეთა თქმით, მათ ყველდღიურად უწევთ სესხების შეტანა და ბანკის ვალები აქვთ, რომ  გარევაჭრობა მათვის საარსებო წყაროა, რომლითაც ოჯახებს არჩენენ. მოვაჭრეების გაღიზიანება გამოიწვია საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას  გამოჩენამ. მოვაჭრეებმა ქვარაიასგან მოითხოვეს სიტუაციის დროულად მოგვარება. ქვარაიამ მოვაჭრეებს მიმართა, რომ „მივცეთ მხარეებს მოლაპარაკების საშუალება, მარტივი არ არის საკითხი და ამიტომაც მსჯელობენ.  მეც დავბრუდნები ცოტა ხანში და ჩავერთვები საკითხის მოგვარებაში. არის წესრიგი და კანონის მოთხოვნები, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ.“-მიმართა მან შეკრებილებს.  პასუხად ერთ-ერთმა მოვაჭრემ იკითხა,  მთავრობა თუ ემორჩილება კანონებს? ქვარაიამ განუმარტა, რომ ემორჩილებიან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=QOcrpB_OIMA[/embedyt]

„-ბატონო ირაკლი, რატომ გახსოვთ ხალხი მხოლოდ წინასაარჩევნოდ, გახსოვთ, როცა გვეუბნებოდით მხარი დამიჭირეთო, დღეს, ჩვენ გთხოვთ დახმარებას და დაგვეხმარეთ“,- ამ სიტყვებით შეხვდნენ მერიიდან გამოსულ მერს მოვაჭრეები. ერთ-ერთი მოვაჭრის თქმით, მას ავადმყოფისთვის მოუწია ხუთი ათასი ლარის გამოტანა ბანკიდან. მერმა კითხა ჩემი პატივისცემით გამოიტანეო, საუბარში ჩაერთნენ სხვა მოვაჭრეებიც, რომლებმაც მერს მიმართეს, წინასაარჩევნოდ მაინც დართონ გარევაჭრობის ნება. ,,23 წელიწადია, ვდგავართ ამ ადგილებზე, ჩვენს ოჯახებს ძალიან უჭირთ, ჩვენი საარსებო წყარო ბაზარია და ამით  ვარჩენთ ოჯახებს. თქვენ შეიძლება ჯიბეები სავსე გქონდეთ, მაგრამ ჩვენ დღეს პურის ფული არ გვაქვს, ჩვენს მდგომარეობაშიც ხომ უნდა შეხვიდეთ“. მოვაჭრეთა საუბარში ჩაერთო ზედამხედველობის სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უფროსი დიმიტრი ფაცაცია, რომელმაც მოვაჭრეებს მიმართა დროებით სიტუაციის გარკვევამდე სკვერში განაგრძონ მუშაობა, მაგრამ მოვაჭრეებმა უარი განაცხადეს.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=g3TywuJJXaI[/embedyt]

შეხვედრიდან გამოსულმა მოვაჭრე მარინა ფარულავამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მოლაპარაკება არ შედგა, „შემოგვთავაზეს ალტერნატიული ფართი, რომელიც ჩვენთვის არ იყო მისაღები“. მოვაჭრე, ამბობს, რომ ისინი არ აპირებენ ადგილების დატოვებას და განაგრძნობენ მუშაობას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=TOzRrJl4En0[/embedyt]

მერის მოადგილემ კობა ჯიქიამ ჟურნალისტებთან ასეთი განმარტება გააკეთა: „გვესმის მათი მდგომარეოაბა, მაგრამ კანონიც უნდა გავითვალისწინოთ, მოვაჭრეები რამდენჯერმე იყვნენ მოსულები თხოვნით, რათა სადღესასწაულო დღეებში მიგვეცა ვაჭრობის ნება, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავუშვებთ გარევაჭრობას, ეს არის უკანონო“. ჯიქიას ინფორმაციითვე – „მათ ქონდათ შეხვედრა ბაზრის ადმინისტრაციასთან და ქონდათ პირობა, რომ მოვაჭრეებს შემოუშვებდნენ შიგნით და სამი თვის განმავლობაში განთავისუფლებოდნენ გადასახადებისაგან, შემდგომ ეტაპობრივად შეუდგებოდნენ გადასახადების გადახდას, მაგრამ მათ ეს არ აწყობთ, რადგან გარევაჭრობა უფრო მომგებიანია“.

მოვაჭრეებმა დღეს შეწყვიტეს აქცია, მაგრამ ამბობენ, თუ მათი მოთხოვნა  არ იქნება შესრულებული აქციებს განაახლებენ.

ზუგდიდის მერიასთან გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით ცენტრალური გზა გადაკეტეს, ერთი ნაწილი კი, ქუთაისში, პარლამენტში აპირებდა წასვლას.  გზის სავალი ნაწილი პოლიციის დახმარებით გათავისუფლდა.ცუდად გახდა აქციის ერთი მონაწილე, მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ამ წუთებში სავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. მოვაჭრეები გარევაჭრობის ნებართვას, ან ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ და სურთ მერთან შეხვედრა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!