- 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადება კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ამის შესახებ განცხადება, ცესკოს თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, „არჩევნების მოდერნიზება – ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტ ეტაპზეა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ამ პროცესის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირებაა.
“საარჩევნო ადმინისტრაცია 9 ოქტომბრიდან იწყებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას – როგორ მივცეთ ხმა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის. ელექტრონული აპარატების დემონსტრაცია ეტაპობრივად გაიმართება ხალხმრავალ ადგილებში – მეტროსადგურებში, იუსტიციის სახლებში, მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, სავაჭრო ცენტრებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო და კერძო უწყებებში – მოქალაქეებს პირადად შეეძლებათ ნახონ და პრაქტიკაში გამოცადონ როგორ მუშაობს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. უკვე მომზადდა და საარჩევნო სიახლეების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო-სარეკლამო ვიდეორგოლები განთავსდება როგორც მედიაში, ასევე კინოთეატრებში და იუსტიციის სახლებში. დარიგდება საინფორმაციო ბროშურები. ამომრჩეველთა ინფორმირება იქნება ცესკოსა და სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტების ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ამ მიზნით შესაბამის პირებს უკვე გავლილი აქვთ რამდენიმე ეტაპიანი გადამზადება.
ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია გთავაზობთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს – უკვე შეიქმნა და ჩვენს ვებგვერდზე განთავსდა ბმული, რომელზე გადასვლის შემდეგაც ნებისმიერ პირს შეუძლია ონლაინ მიიღოს მონაწილეობა იმიტირებულ კენჭისყრაში და ნახოს, როგორ უნდა მისცეს ხმა ელექტრონული აპარატების გამოყენებით.
გვინდა მოვუწოდოთ საქართველოს მოქალაქეებს – გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა – მიიღეთ მონაწილეობა ხალხმრავალ ადგილებში გამართულ იმიტირებულ კენჭისყრაში, გაეცანით საარჩევნო სიახლეებსა და პროცედურებს. არჩევნები საერთო საქმეა და ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ამომრჩევლების ინფორმირებას.
საარჩევნო ადმინისტრაცია, თავის მხრივ, სრულად არის მზად 2024 წლის 26 ოქტომბერს, პარლამენტის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მაღალ პროფესიულ დონეზე ჩაატაროს. ის, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება საარჩევნო პროცესებში წარმატებულია, 16 მუნიციპალიტეტში ჩატარებულმა სხვადასხვა მასშტაბის 8 პილოტმა, ამომრჩეველთა გამოკითხვამ, მიღებულმა გამოცდილებამ და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების დადებითმა შეფასებებმა დაადასტურა“.