- დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ბიბლიოთეკას თბილისში მოღვაწე, ზუგდიდელმა მეცნიერმა და ქველმოქმედმა თემურ ვეკუამ საჩუქრად გადასცა მე-10 საუკუნის ხელნაწერი წიგნის – “ტბეთის ოთხთავის“ ფოტოტიპური გამოცემა.
დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თემურ ვეკუამ არაერთი უნიკალური გამოცემა აჩუქა ბიბლიოთეკას.
ინფორმაციისთვის: ,,ტბეთის ოთხთავი“ ერთ-ერთი უძველესი თარიღიანი ხელნაწერია. ოთხთავი გადაწერილია ტბეთში, 995 წელს, დავითისა და არქიპოსის მიერ, დავით III-ის კურაპალატობისა და იოანეს ეპისკოპოსობის ჟამს.
ხელნაწერი წიგნის ორიგინალი დაცულია სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის ნაციონალური ბიბლიოთეკის, იოანე ბატონიშვილის კოლექციაში. წიგნის დიგიტალური ასლი საქველმოქმედო ფონდმა ,,ხარებამ“ შეიძინა, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის.
2023 წელს, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა ,,ტბეთის ოთხთავის“ ფოტოტიპური ვერსია.