- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა ოთხი პირის მიმართ დაიწყო.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა საყოფაცხოვრებო ნივთების რეალიზაციის თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს 226 402 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომლის ნაწილი გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად, ხოლო ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოტანილ იქნა ნაღდი ფულის სახით”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 185-ე და 180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.