- ჩვენი წინაპრები – ის ძლიერი ხეა, რომლის ამონაყარზედაც ვიზრდებით და ვიტოტებით. გავიხსენოთ, დავაფასოთ ისინი. ალბათ უდიდესი ბედნიერებაა, როცა აკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან გიყვარს და იცი, რომ იქ შენი ადგილია. შემთხვევით არაფერი ხდება, არც 1952 წელი ყოფილა შემთხვევითობა, როცა ბატონი პლატონ ჯიშკარიანი დაინიშნა ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორად. 25 წელი იღვაწა ამ თანამდებობაზე ღირსეულად და პატიოსნად. კულტურის დამსახურებული მუშაკი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. მეცნიერი და პედაგოგი, სამუზეუმო საქმის ჩინებული სპეციალისტი და რაც მთავარია კეთილშობილი და ჰუმანური პიროვნება.
დაიბადა 1913 წლის 1 აგვისტოს ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში. 1918 წელს მამა გარდაეცვალა. ხუთი წლის ასაკში დაობლდა. ორი შვილი დედამ გაზარდა, ძმა ომში დაეღუპა. 1935-40 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. 1940 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში. იყო ლეიტენანტი-ასეულის მეთაური. 1945 წელს დემობილიზებული, საბრძოლო ჯილდოებით დაბრუნდა სამშობლოში. 1945 წლიდან 1952 წლის მაისამდე და შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა სკოლაში, მასწავლებელთა და ხელოვნების ინსტიტუტში.
ბატონ პლატონ ჯიშკარიანის მუზეუმში მუშაობის წლები, ეს იყო მისი აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობის პერიოდი. მუზეუმში ფუნქციონირებდა სამეცნიერო საბჭო, თითოეულ თანამშრომელს წელიწადში ორ-სამჯერ უნდა წარმოედგინა ნაშრომი მუზეუმში დაცულ მასალაზე, ეთანამშრომლა პრესასთან. კვირაში ორჯერ ტარდებოდა საექსპედიციო სამუშაოები. გეგმა წინასწარ იყო შემუშავებული. ექსპედიციის შემდეგ საბჭოს ბარდებოდა ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ. ამგვარად მდიდრდებოდა მუზეუმი ახალი მასალით. მუშაობდა შემძენ-შემფასებელი კომისია. შემოდიოდა ღირებული ნივთები, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად აფასებდა მოწვეული სპეციალისტი. შესწავლილი ნივთი ადგილს იკავებდა სათანადო ფონდში. ტარდებოდა ექსკურსიები. რამოდენიმე წელიწადში ერთხელ თანამშრომლები მიდიოდნენ სტაჟირებაზე საბჭოთა კავშირის საუკეთესო მუზეუმებში გამოცდილების გაზიარების მიზნით. რეგიონის უკეთ გაცნობის მიზნით ტარდებოდა გასვლითი ექსკურსიები. ბატონი პლატონი ხშირად იცლიდა თანამშრომლებისთვის. ახალგაზრდებთან ჰქონდა მამა-შვილური ურთიერთობა. უფროსი თაობის თანამშრომლები თავიანთ გამოცდილებას, სამუზეუმო დებულებებს, კანონებს აცნობდნენ ახალ თანამშრომლებს.
25 წლის მანძილზე პლატონ ჯიშკარიანის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ჩატარდა 25-ზე მეტი სამეცნიერო სესია. აქედან 16 სესიის მასალები გამოიცა ბროშურების სახით. სესიებში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც იყვნენ: აკადემიკოსი მირიან ძველაია, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი შოთა მესხია, აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია, აკადემიკოსი ანდრია აფაქიძე. მუზეუმის თანამშრომლები: ციალა ქირია, ელეონორა ცხაკაია, თამარ ფირალიშვილი, კალისტრატე სამუშია, მამანტი პაჭკორია. სესიებში მოწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობდნენ: ბეგლარ გობეჩია, შოთა ხუბულავა, მირიან ნარმანია, ისაკ ქორთუა, კარლო მიქაია, შალვა შენგელი, ალექსანდრე ეგუტია და სხვები.
მუზეუმმა პირველმა რესპუბლიკაში ჩაატარა გამსვლელი სესიები: სალხინოში, სენაკში, ლიაში და ცაიშში. დირექტორად მუშაობის პერიოდში მის სამეცნიერო მოღვაწეობას მაღალ შეფასებას აძლევდნენ სამუზეუმო საქმის სპეციალისტები, კოლეგები, მეცნიერები.
1967 წელს გამოიცა პლატონ ჯიშკარიანის ფუნდამენტური ნაშრომი “ზუგდიდის რაიონის მშრომელები სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებისა და სოციალიზმის მშენებლობისათვის ბრძოლის პერიოდში “. ნაშრომი წარმოადგენს ზუგდიდის რაიონის მონოგრფიულად შესწავლის პირველ ცდას. მიმოხილულია ზუგდიდის მაზრის სოციალურ-ეკონომიური და კულტურული ვითარება მე XlX საუკუნის დამლევსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში. წიგნი იმითაცაა საინტერესო, რომ სამეგრელოს ისტორიით დაინტერესებული მკვლევარი გვერდს ვერ აუვლის ამ ნაშრომს. გარდა ამისა ის არის 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
მინდა შემოგთავაზოთ ამონარიდი 1993 წლის ინტერვიუდან, როცა მას დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდა ( ინტერვიუერი ჟურნალისტი რეზო ქორთუა).
შეკითხვა: თქვენი 80 წლის სიმაღლიდან დღევანდელ სიტუაციაზე რა დასკვნას გააკეთებდით?
– ჩემი ფიქრით, საჭიროა სულიერი და ხორციელი აღორძინება, შრომის უნარის დაბრუნება. არ ვარგა რომ ერთმანეთს მკვეთრად დავუპირისპირდეთ და ბოღმიანებმა ვიაროთ. მძიმე ბორკილებად აწვა ხალხს ძველი მეთოდები და კანონები, რომლებმაც თავისუფლება დაშრიტეს. ამჟამად მკაცრი ხელიც კი გამართლებული იქნება, რომ საბოლოოდ ჰარმონია დამკვიდრდეს. მარტო ილუზიების აყოლა ვერაფერს მოგვიტანს. “მე კარგად ვიცი ჩემი კუთხის ისტორია, მისი წარსული, გვაქვს უამრავი ბრწყინვალე ფორმები წარსული ცხოვრებიდან აი, მათი შემოტანა და დამკვიდრება არ გვაწყენდა, პირიქით, მეტ სიცხოველეს შემოიტანდა, მეტად გაახალისებდა ჩვენს სტრუქტურებს.
–თქვენ ოპტიმისტურად ხართ განწყობილი, ეს ალბათ ოჯახში სიმშვიდეს და ბედნიერებას გგვრით. მითუმეტეს გვერდში შესანიშნავი მეუღლე და ბრწყინვალე პედაგოგი ქალბატონი დარეჯან ცხადაია გყავთ. აგრეთვე შესანიშნავი ქალიშვილები, სიძეები და შვილიშვილები.
-ნამდვილად ასეა, ჭეშმარიტებასთან ძალიან ახლოს ხართ. მე ოპტიმიზმით ვცხოვრობ და სიცოცხლეს ჩემი ოჯახი მიხანგრძლივებს. ყველაზე მეტად რწმენის სიმტკიცე სჭირდება ჩვენს ერს ამჟამად. დაიბადა ახალი ღმერთი, ჰუმანიზმისა და ინტელექტისა და მან უნდა შვას სიბრძნე, სიყვარული და თავისუფლება.
ბატონ პლატონისა და ქალბატონ დარეჯანის ოჯახს ამშვენებდა პატიოსნება, ცოდნა, საქვეყნო საქმის უანგაროდ კეთება, თავმდაბლობა. ასეთი სულისკვეთებით გაზარდეს შვილები მაია და მარიკა ჯიშკარიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად ემსახურებიან მედიცინას და ქვეყანას უზრდიან ღირსეულ შვილებს. მათი შთამომავლები სიამაყით მოიგონებენ ქვეყნისა და ხალხისთვის დამაშვრალ სახელოვან წინაპრებს.
ჩვენ, დადიანების სასახლის თანამშრომლები პატივსცემით ვიხსენებთ ბატონ პლატონს და მის შესანიშნავ ოჯახს. გმადლობთ, ბატონო პლატონ, რომ მეოთხედი საუკუნე პატიოსნად და სიყვარულით ემსახურებოდით ეროვნულ საქმეს. ღმერთმა დაგიმკვიდროთ სასუფეველი.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდის მცველი
ნაზიბროლა ქორთუა