- დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, ზუგდიდის, პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგულ კოლეჯთან ერთად ახორციელებს პროექტს – “როგორ ვიმუშაოთ ავთენტურ დოკუმენტზე“.
დადიანების სასახლის ინფორმაციით, მუზეუმიდან, პროექტში ჩართულები არიან დირექტორი ანზორ ოყუჯავა, ხელნაწერთა ფონდის მცველი – ნაზიბროლა ქორთუა და ექსკურსიამძღოლი – მალვინა მეფორია, ხოლო კოლეჯიდან, მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად პედაგოგები – ფრანგული ენისა, კახაბერ ფარცვანია, ისტორიის – ომეხ სიჭინავა და ქართული ენისა და ლიტერატურის – სოფიო ფიფია.
პროექტი ითვალისწინებს მუშაობას, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცულ, ფრანგულ ენაზე შედგენილ ხელნაწერ წერილებზე (დამუშავებას, ფრანგულიდან ქართულ ენაზე თარგმნას, ქართული ტექსტის სტილისტურად გამართვასა და მათ გაციფრულებას).
პროექტში ჩართული მოსწავლეები, სამუშაო ვიზიტით, ორჯერ ეწვივნენ მუზეუმს.
მუზეუმის დირექტორი, ბატონი ანზორ ოყუჯავა მოსწავლეებს ესაუბრა თემებზე – „მუზეუმი და ინტერპრეტაცია“ და „მუზეუმის ტერმინოლოგია“.
მოსწავლეებმა ხელნაწერზე მუშაობისა და მისი სწორად ინტერპრეტირებისათვის რეკომენდაციები მიიღეს.
პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა დაგეგმილია მიმდინარე წლის 9 ივნისს.
9 ივნისის შეხვედრის შემდეგ, მუზეუმი, სოციალური გვერდის მეშვეობით გაგაცნობთ პროექტის ფარგლებში, პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის მოსწავლეების მიერ დამუშავებულ დოკუმენტებსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.