შალვა აგუმავა: ზუგდიდელებისთვის ბოტანიკური ბაღი საამაყო სავიზიტო ბარათია


  • ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი შალვა აგუმავა “ზუგდიდელებთან” საუბრობს მისი ამ თანამდებობაზე მოსვლიდან დღემდე განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე.

შალვა აგუმავა: – ბოტანიკურ ბაღში მოსვლის დღიდან, თანამშრომლებთან და თანაქალაქელებთან ერთად, დავიწყეთ ბაღის განახლება, ახალი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. ბაღში, ძირითადი პრობლემა იყო სანიაღვრე არხების უქონლობა. ჭარბი ნალექის დროს, ხშირად გვქონდა მცენარეების წაქცევის ფაქტები. ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში არსებული სანიაღვრე თხრილის ამოწმენდით, ბილიკის გადაღმა მდებარე თარგების დაერთებით და ქალაქის 500მმ დიამეტრის სანიაღვრე არხზე მიერთებით, აღმოიფხვრა ნაწვიმარი წყლის ხანგრძლივი ვადით დაგროვება, ტერიტორიის დაჭაობება და ხეების წაქცევის საფრთხე მინიმუმამდე დავიდა. ასევე, 1 სექტორში დახურული ტიპის სადრენაჟო არხების მოწყობით და ჭარბი წყლის მოცილებით, ოპტიმალური პირობები შეიქმნა მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის. ამ ეტაპისთვის, 12 ჰექტარზე უკვე დასრულდა სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია და გამართულად მუშაობს. ველოდებით გამოდარებას და სამუშაოებს ისევ განვაახლებთ. ვფიქრობ, წელს სანიაღვრე არხების პრობლემა მოგვარებული იქნება.

რაც შეეხება ბოტანიკური ბაღის იერ-სახეს, საუკუნოვანი და უნიკალური მცენარეები, რომლითაც გამოირჩევა ბოტანიკური ბაღი, არ უნდა დავუკარგოთ შთამომავლობას, მაგრამ განახლება აუცილებელია. დავიწყეთ თვითნათესი ნერგების მოძიება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ბევრ ადგილას, სჭირდებათ მცენარეული საფარი და უნიკალური ჯიშის ხეები. მალე გვექნება მცენარეული ფონდი და შეგვეძლება დავეხმაროთ მუნიციპალიტეტს. მიმდინარეობს ახალი ყვავილნარების გაშენება. შევიძინეთ ნერგები, ჩითილები, რომლებიც ბაღს არ გააჩნდა. დიდი და ლამაზი საყვავილეები განვათავსეთ ბაღის შემოსასვლელში. დაგეგმილია მსგავსი საყვავილეების განთავსება ბაღის სხვადასხვა პერიმეტრზე. ბოტანიკური ბაღის ღია სივრცეში ვეტერანთა კუთხე მოეწყო. სამი ბუნგალო გადმოგვცა კეთილმოწყობის სამსახურმა, რომელიც მოვაწესრიგეთ და განვაახლეთ. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო სამსახურს გულისხმიერებისთვის.

შევქმენით პროექტების განხილვის საბჭო, რომელიც რვა წევრისგან შედგება. საბჭოს შემადგენლობაში არიან ბაღში დასაქმებული, გამოცდილი ადამიანები. ურთიერთ აზრთა გაზიარებამ, გუნდურმა მუშაობამ გაამართლა.

მოგეხსენებათ, რომ ბოტანიკური ბაღი ევროპული ისტორიული ბაღების ასოციაციას 2022 წლიდან შეუერთდა. ევროპული ბაღების გაერთიანების კვირეულთან დაკავშირებით, ბაღში მიმდინარეობდა სხვადასხვა აქტივობა. აღნიშნული ღონისძიებები მოიცავდა ყვავილების გამოფენა-გაყიდვას, ახალგაზრდა ზუგდიდელი მხატვრისა და მისი მოსწავლეების ნახატების გამოფენას, ჰერბარიუმების გამოფენას, მოსწავლეთა კონფერენციას სახელწოდებით “მდგრადი განვითარების მიზნები” და ასევე კულტურულ და საგანმანათლებლო ექსკურსიას ბოტანიკური ბაღის არტეფაქტების დარბაზში. ეს აქტივობები მნიშვნელოვანია როგორც ბაღის პოპულარიზაციისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად. სხვათაშორის, თვის ბოლოს, იტალიაში, ევროპული ბაღების გაერთიანების საერთო კრება იმართება და ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას. გვინდა, ზუგდიდი წარვადგინოთ 2024 წლის მასპინძელ ქალაქად, რომ 2024 წელს საერთო კრება ჩატარდეს ჩვენთან და მივიღოთ კოლეგები ევროპული ბაღებიდან, ეს იქნება გამოცდილების გაზიარებისთვის გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ჩვენს გუნდს ახალი პროექტების შექმნის დიდ სტიმულს მისცემს.

ბაღში აქტიურად მიმდინარეობს მერქნიან მცენარეებისთვის ხმელი და ავარიული ტოტების მოცილების სამუშაოები. დავრგეთ 12 ძირი სხვადასხვა ჯიშის ევკალიპტი, 12 ათასზე მეტი ხე-მცენარე, ბუჩქი და ყვავილი. შევქმენით ტუიების ხეივანი. გადავწყვიტეთ ტუიები გადაგვეტანა ღობის პერიმეტრზე. სამომავლოდ, ვფიქრობ, ჩვენს სანერგეში შევძლებთ ტუიების ჩითილის გამოყვანას. დაახლოებით 3-4 წელიწადში, ბაღი რეალიზაციას გაუკეთებს აქ გამოყვანილ მცენარეებს და ჩვენი შემოსავალი გვექნება. ცალსახად შევნიშნავ-ჩვენ ამის უნარი და რესურსები გაგვაჩნია. ვფიქრობთ, ვითანამშრომლოთ ევროპის, თბილისის და ბათუმის ბაღებთან და მცენარეები მათგანაც შემოვიტანოთ. ამჟამად, ბოტანიკურ ბაღში, გათიბვისა და მცენარეების მოვლის პარალელურად, ხდება ყვავილების დარგვა, სანერგის მოწესრიგება. შემოვიტანეთ ნიადაგი ჩავარდნილი ადგილების ამოსავსებად.

-როგორია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ვიზიტორების სტატისტიკა?

-2022 წელს, ფასიანი სერვისებით მოსარგებლე ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა დაახლოებით 74 ათასი. მოგეხსენებათ, ბაღში პენსიონერების, ვეტერანების, 10 წლამდე ბავშვების, ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდების და ოჯახების, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ქულას, შემოსვლა უფასოა და მათი აღრიცხვა ფაქტიურად, არ ხდება. აღნიშნულ ციფრს თუ ორჯერ გავამრავლებთ, მაშინ ეს, წელიწადში, დაახლოებით, 150 ათასი ვიზიტორი გამოდის.

უკვე ტრადიციად იქცა და ბაღმა სხვადასხვა ღონისძიებას უმასპინძლა. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტთა კლუბმა “სარკმელი’’, საინფორმაციო პლატფორმა “ჩემი მედიასახლის” და ჩვენი, ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით, ფოტომარათონი “კადრის ფესტივალი” გამართა. დავიწყეთ საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტი “ჩვენ და გარემო“. პროექტის მონაწილეები ეცნობიან ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ისტორიას, მნიშვნელობას და მცენარეთა მრავალფეროვნებას. ძალიან მალე გაიხსნება საგამოფენო დარბაზი. 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, პატარებისთვის ბევრი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. ბოტანიკურ ბაღს მეტი პოპულარიზაცია სჭირდება, ვიზიტორებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება ჩვენს შესახებ. ნახეთ, ალბათ, რომ ბაღის შემოსავლელში ახალი აბრები განვათავსეთ. გადავიღეთ ორენოვანი საინფორმაციო ხასიათის კლიპიც, რომელიც ჩვენს ფეისბუქგვერდზეა განთავსებული.

-ბაღში ვიზიტორების შესვლა ფასიანია, ეს ხომ არ ამცირებს დამთვალიერებლების რაოდენობას?

-ვფიქრობ, არა. ჩვენ მორგებული ტარიფები გვაქვს მოქალაქეებისთვის. დილის ექვსი საათიდან ცხრა საათამდე და საღამოს ცხრიდან თერთმეტ საათამდე, ბაღში შესვლა უფასოა. ასევე უფასოა ყოველი თვის ბოლო პარასკევი. რაც შეეხება იმას,  ბაღში შემოსვლა ფასიანი უნდა იყოს თუ არა, ვფიქრობ, ბიუჯეტი ყოველთვის ვერ შესძლებს დააფინანსოს ბოტანიკური ბაღი. დადგება დრო, როცა ბაღი თავისი შემოსავლებით თვითონ შეინახავს საკუთარ თავს.

-ადრე, ბაღში ვანდალიზმის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა…

-დიახ, სამწუხაროდ, რამდენჯერმე მოხდა ინფრასტრუქტურის დაზიანება. ძირითადად, მოზარდების მიერ ხდება ინვენტარის დაზიანება. არ მესმის, გაკეთებული და გალამაზებული როგორ უნდა გააფუჭოს ადამიანმა. იმ დღეებში, როცა ბოტანიკურ ბაღში შემოსვლა უფასოა, გვიჭირს ბაღის დაცვა. თითოეული ასეთი “უფასო დღე“, ფაქტიურად, ბოტანიკური ბაღისთვის ზარალიანია და დამატებითი ხარჯია დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

-ვინ არიან ის ადამიანები, ვინც ბაღზე ყოველდღიურად ზრუნავენ…

-ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები გულანთებული ხალხი გახლავთ. მათი შრომით, მონდომებით და ძალისხმევით არის ბაღი ასეთი მოვლილი და ლამაზი. სხვათაშორის, აქ შემოსული ვიზიტორები ამას ხშირად აღნიშნავენ. ეს მათ პროფესიონალიზმზე, ცოდნაზე და გამოცდილებაზე მეტყველებს. მე პატივს ვცემ თითოეული მათგანის შრომას და არ ვმალავ, რომ მათი ერთგულების, თანადგომის და მხარდაჭერის იმედი მაქვს.

 -გაგვაცანით თქვენი ოჯახი.

-მყავს და და დისშვილები. დედა აწგარდაცვლილი ნარგიზა მოსია პედაგოგი გახლდათ. ბევრი თაობის აღმზრდელი იყო. მამა გულიკო აგუმავა პროფესიით აგრონომია. წლების მანძილზე, სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა. მყავს ბევრი მეგობარი. მიყვარს ჩემი ქალაქი და მის გარეშე დიდხანს სხვაგან ვერც ვძლებ. მიხარია, რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც ზუგდიდისთვის და ზუგდიდელებისთვის არის ღირსება და საამაყო სავიზიტო ბარათი.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!