- დღეს, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლეში გაიმართა გამოფენა სახელწოდებით: “ცხენის კულტი და ცხენოსნობა სამეგრელოში”.
დარბაზში გამოფენილი იყო დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ფონდებში დაცული კოლექციები: არქეოლოგიური კოლექცია “ბრინჯაოს მხედარი”, “ქალღვთაება” და “ქალი ჩვილით”, ცაიშის სამაროვანი, ძვწ.აღ. VIII – VII სს; ბრინჯაოს “მითიური ცხენი” (საკიდი) ძვწ.აღ. VIII – VII სს. “ცხენის ქანდაკება”, ბრინჯაო, ცაიშის სამაროვანი, ძვწ.აღ. VIII – VII სს. ასევე გამოფენილი იყო სახვითი ხელოვნების ფონდში დაცული დადიანების კოლექცია “ინგლისური დოღი”, – გრავიურა, XIX ს.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ ეთნოგრაფიის ფონდში დაცული მემორიალური ნივთების კოლექცია: დავით დადიანის უნაგირები და ცხენის მოსართავ-აღკაზმულობანი.
ასევე გამოფენილი იყო ისტორიის ფონდის ფოტო-კოლექციაში დაცული დადიანების კოლექცია “ცხენის ჯიშები” და “დაბრკოლებათა გადალახვა”. საქართველოს ჩემპიონის, ალექსი დარასელიას თასი “კინოფირი” – 1949 წლის საქართველოს ჩემპიონატი ცხენოსნობაში. “ფოტო ალბომი” საქართველოს საცხენოსნო სპორტის შესახებ. გამოფენილი იყო ზუგდიდის სპორტის მუზეუმის მასალები.
გამოფენა ერთი თვე გაგრძელდება.