- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში, ორ სხვადასხვა ლოკაციაზე, მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სადაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ერთ შემთხვევაში, არალეგალურად მიმდინარეობდა სამაგიდო აზარტული თამაშები, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ გვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი.
დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით უნდა შესულიყო დაახლოებით 350 000 ლარი.
აღნიშნული ქმედება ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.