- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ პირს დაუკავშირდა და იგი დაარწმუნა, რომ თანხის სანაცვლოდ მას საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე დაასაქმებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს 5 000 აშშ დოლარი გამოართვა, რა დროსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მისი დაკავება მოხდა.
უწყების ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.