- მიმდინარე წლის პირველ კვარტალში (იანვარი – მარტი) საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უცხო ქვეყნის 364 მოქალაქე დარეგისტრირდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 126 ადამიანი უკრაინის, ხოლო 21 – რუსეთის მოქალაქეა. ამავე პერიოდში თავშესაფრის მაძიებელთაგან 52 პირი არის თურქეთის მოქალაქე, ირანის – 31, ავღანეთის – 17, ეგვიპტის – 16.
რაც შეეხება სტატუსის მინიჭებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთაგან წლის პირველ კვარტალში ჰუმანიტარული სტატუსი სულ 51-მა პირმა მიიღო, მათგან უკრაინის 13-მა და რუსეთის არცერთმა მოქალაქემ, ასევე ავღანეთის 21-მა და იემენის 7-მა მოქალაქემ.
ლტოლვილის სტატუსი მოცემულ პერიოდში არც უკრაინის და არც რუსეთის მოქალაქეებს არ მინიჭებიათ. ეს სტატუსი უცხო ქვეყნის სულ 9 მოქალაქემ მიიღო, მათ შორის არიან ეგვიპტის, ავღანეთის, პაკისტანისა და თურქეთის მოქალაქეები.
სამ თვეში სტატუსის მინიჭებაზე უარი უცხო ქვეყნის 194 მოქალაქეს ეთქვა, მათ შორის რუსეთის 10 და უკრაინის არცერთ მოქალაქეს. ასევე, სტატუსის მინიჭებაზე უარი მიიღო ირანის 50-მა, ეგვიპტის 30-მა, თურქეთის 21-მა და იორდანიის 14-მა მოქალაქემ.
ამავე პერიოდში, საქართველოდან უცხო ქვეყნის სულ 40 მოქალაქე გააძევეს, საიდანაც 4 რუსეთის მოქალაქეა. გაძევებულთა შორის ასევე არიან თურქეთის, ირანის, ინდოეთის და ეგვიპტის მოქალაქეები.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველ სამ თვეში განსაკუთრებულად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა რუსეთიდან და უკრაინიდან. კერძოდ, გასული 2021 წლის განმავლობაში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად უკრაინის მხოლოდ 3, ხოლო რუსეთის 54 მოქალაქე იყო რეგისტრირებული.
ცნობისთვის, ლტოლვილის სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.
ჰუმანიტარული სტატუსი კი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და აკმაყოფილებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს: იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები.