- 21 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღეს, ახალგაზრდული სათათბიროს ფოტო, მედიახელოვნების და პიარის კომიტეტმა წარადგინა დოკუმენტური ფილმი “ჟურნალისტები სამეგრელოდან”. ფილმი სათათბიროს ახალგაზრდა ჟურნალისტების: ქეთი თორდიას, გიორგი მესხიას და ხატია კვირკველიას პირველი დამოუკიდებელი ნამუშევარია. ახალგაზრდების შექმნილმა 50 წუთიანმა დოკუმენტურმა ფილმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
–ორიოდ სიტყვით თქვენს შესახებ…
ქეთი თორდია: -მე კორცხელის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე და ახალგაზრდული სათათბიროს “ფოტო-მედია ხელოვნებისა და პიარის” კომიტეტის თავმჯდომარე გახლავართ. დაახლოებით ერთი წელია, რაც ახალგაზრდული სათათბიროს ბორდის წევრი ვარ. სათათბიროში აქტიურად ვცდილობთ, გაერთიანებული ძალებითა და შესაძლებლობებით რეგიონი შევცვალოთ უკეთესობისკენ და ხელი შევუწყოთ ახალგაზრდულ ქალაქად ჩამოყალიბებას.
გიორგი მესხია: -მეექვსე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელი და ახალგაზრდული სათათბიროს “ფოტო-მედია ხელოვნებისა და პიარის” კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვარ. ვთვლი, რომ ძალიან აქტიური ახალგაზრდული ცხოვრება მაქვს, ბოლო 3 წლის განმავლობაში. ძალიან ბევრი მიმართულებით ვარ ჩართული ამა თუ იმ საქმიანობაში. ვცეკვავ, ვმღერი, ვუკრავ როგორც, ხალხურ, ასევე კლასიკურ (გიტარა) საკრავებზე. ვწერ ლექსებს. რაც შეეხება სათათბიროს, ეს ის ადგილია, სადაც ახალგაზრდა პოულობს საკუთარ თავს და კარგად ახერხებს განჭვრეტას მომავლისკენ. სათათბირომ მომცა ძალიან დიდი გამოცდილება და რაც ყველაზე მთავარია, მასწავლა ურთიერთობები ახალგაზრდებთან.
ხატია კვირკველია: -მე მეთორმეტე საჯარო სკოლის მეათე კლასელი ვარ. ახალგაზრდული სათათბირო ის ადგილია, საიდანაც იწყება ახალგზარდის წარმატება. მან მე მომცა შესაძლებლობა განმევითარებინა ჩემი თავი არა ერთი გზით. დამანახა, რომ იმაზე მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე ოდესმე წარმომედგინა, მთავარია სურვილი და მონდომება. ერთი სიტყვით, ახალგაზრდული სათათბირო ეს ის ადგილია, სადაც ჩემი თავი ვიპოვე.
–როგორ მიმდინარეობდა ფილმის გადაღება?
-ქეთი თორდია: ოდნავ რთულია იმ ემოციების გაზიარება, რაც აქ მივიღეთ, როცა ჩვენი გუნდი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფილმი უნდა გადაგვეღო 21 მარტისთვის. ეს არ იყო მხოლოდ იდეა, რომელიც დაიკარგებოდა, ეს იყო მიზანი, რომელიც ძალიან ცოტა დროის განმავლობაში უნდა მიგვეღწია. რა თქმა უნდა, არც ისე მარტივი დავალება დავაკისრეთ ერთმანეთს, თუმცა ის დღეები, როცა გვიწევდა რესპოდენტებთან მისვლა, მათთან კომუნიკაციის დამყარება, მათი ისე ჩაწერა, რომ ის სათქმელი ზუსტად გადმოგვეცა, რასაც თავიდანვე მოვიაზრებდით, ძალიან საინტერესო იყო. მათთან საუბრის შემდგომ, სამომავლო გეგმებიც დავსახეთ. ზღვა ინფორმაციის მიღების დღეები გვქონდა. ვფიქრობ, ძალიან კარგი გამოწვევა გვქონდა, როგორც გუნდს. მივიღეთ ძალიან ბევრი დადებითი ემოცია და ზუსტად გადმოვეცით ის სათქმელი, რაც გვინდოდა გვეთქვა… ჩემთვის ეს ყოველივე ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორია მუშაობდე კარგი წევრებით დაკომპლექტებულ გუნდთან.
ხატია კვირკველია: ჩვენთვის ეს იყო ახალი გამოწვევა, მაგრამ არც ერთი წუთით არ დავბნეულვართ და ხელი არ ჩაგვიქნევია საქმეზე. ტკბილად მახსენდება სამუშაო პროცესი, რადგან ყოველი სამუშაო დღისგან ვსწავლობდით რაღაც ახალს და უფრო მეტად ვიგებდით იმ პროფესიის ფასს, რომელიც შევითავსეთ. თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ თითოეული ჟურნალისტი არის ნამდვილი გმირი. უკვე ერთხელ ვახსენე ფილმის ჩვენებისას და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი, სანამ მე თვითონ არ მომიწია თოვლში, წვიმაში, ქარში სიარული, სანამ მე თვითონ არ მომიწია ღამეების თენება ფიქრში: შევძელი მე ჩემი საქმის სწორად გაკეთება? შევძელი მე ჩემი სათქმელი ამომწურავად მეთქვა? შევძელი ხალხისთვის იმ რეალობის სწორად დანახვა, რომელიც მათ უნდა იცოდნენ? სანამ მე თვითონ არ ვნახე, მე თვითონ არ გამოვცადე და არ გამოვიარე მე ვერ ჩავწვდი ამ პროფესიის არსს და მე ვერ აღვიქვი თუ რა იმალე კამერებს მიღმა, თუ რამდენი სირთულეა. სანამ საკუთარი თვალით არ ვნახე და საკუთარი ყურით არ მოვისმინე, არ ვიცოდი თუ რას ნიშანავს იყო ჟურნალისტი.
გიორგი მესხია: დოკუმენტური ფილმს 6 დღის განმავლობაში ვიღებდით. ვფიქრობ, ფილმა დადო ის შედეგი, რაც რეალურად გათვლილი იყო. ფილმის გადაღებები სასიამოვნოდ მახსენდება. გვქონდა ბევრი სახალისო და დასამახსოვრებელი მომენტები. ფილმი ასეთი კარგი და წარმატებული არ გამოვიდოდა, რომ არა სათათბიროს და სათათბიროში მყოფი ახალგაზრდების ერთობლიობა. ახალგაზრდული ძალა არის ყველაზე დიდი ძალა, რომელსაც შეუძლია დედამიწა ამოძრავოს დადებითად.
ახალგაზრდა ჟურნალისტებს რეკომენდაციებს უწევდენ ჟურნალისტები: მაია ღუბელაძე და მაკა სამუშია.
მაია ღუბელაძე: (“მედიაცენტრი”, საქართველოს უნივერსიტეტის ზუგდიდის ბიურო) -“ძალიან საინტერესო დღე იყო. რესპონდენტის ამპლუაში ყოფნაც საინტერესო იყო. სიამოვნებით დავეხმარე ახალგაზრდებს, მთელი გული ჩადეს ამ ფილმში. ბევრჯერ აღმინიშნავს პროფესიული დღე, თუმცა, ეს გამორჩეული და ძალიან დასამახსოვრებელი იყო. კარგი პრეცენდენტია, როცა რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს აცნობ საზოგადოებას, იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად, კადრს მიღმა, მნიშვნელოვან “აგურს” დებენ ქვეყნის და საზოგადოების განვითარებაში. მადლობა ამ დღისთვის ჩემ ახალგაზრდა კოლეგებს, მეგობარ ჟურნალისტებს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს დღე მნიშვნელოვანია”.
მაკა სამუშია: ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მოადგილე. “-ჩემი ჩართულობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო მხოლოდ რეკომენდაციები, რომელიც ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებს გამოადგათ ფილმზე მუშაობის პროცესში… თუმცა სცენარი და რეჟისურა სრულიად მათ ეკუთვნით. კომიტეტი სამომავლოდ არაერთი მსგავსი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას აპირებს, რომელიც ერთგვარი მოტივაცია იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და მედიას ექნება შესაძლებლობა ახალგაზრდების ჩართულობის კუთხით, ბევრი მნიშვნელოვანი თემა გააშუქოს”.
მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ