ვლადიმერ ჩემინავა: ზუგდიდი ჩემი ქალაქია და განსაკუთრებულად მიყვარს


  • ზუგდიდელმა ვლადიმერ ჩემინავამ საკუთარ თავს დიდი გამოცდა მოუწყო. სრულიად მოულოდნელად გადაწყვიტა, რომ გამხდარიყო მცირე მეწარმე. ის საინკუბაციო მომსახურებას ეწევა. როგორც ბატონი ვლადიმერი “ზუგდიდელებთან” ამბობს, ეს ამპლუა მისი დიდი ხნის სურვილი ყოფილა. ის თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და ახალ საქმიანობაზე გვესაუბრება.

ვლადიმერ ჩემინავა: -“დავიბადე პედაგოგების ოჯახში. დავამთავრე ზუგდიდის N3 საშუალო სკოლა, შემდეგ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკული ფაკულტეტი. ვსწავლობდი დონეცკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. ვმუშაობდი სახელმწიფო სტატისტიკის ზუგდიდის საინფორმაციო ცენტრში ტექნიკური განყოფილების უფროს-ინჟინრად. 1980 წლიდან ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოში ინჟინრად, შემდეგ ამირჩიეს ამავე სამმართველოს მთავარ ინჟინრად. 2001- 2012 წლებში ვმუშაობდი მოსკოვში კომპანია “ნექსის” სამმართველოში. ამჟამად მაქვს მცირე მეწარმის სტატუსი და ვეწევი საინკუბაციო მომსახურებას. მიყვარს საქმე, რომელსაც ვეწევი. ჩემი მიზანია ოჯახზე, შვილებზე, შვილიშვილების მომავალზე ზრუნვა, განათლების მიღება და დასაქმება. ამჟამად, დაკავებული ვარ საოჯახო სოფლის მეურნეობით. ვამუშავებ ინკუბატორებს, ვუვლი ფრინველებს. მყავს მწყერი, ხოხობი, ფარშავანგი, ბრამას და სხვა ჯიშის საინტერესო ფრინველები. მაქვს რემოტანტული ჯიშის მარწყვის მცირე ფართობი. მიყვარს ადამიანების დახმარება და შეძლებისდაგვარად ვეწევი ქველმოქმედებას.

-თქვენი ცხოვრების რომელ ეპიზოდს წაშლიდით და ყოფილხართ თუ არა უსამართლობის მსხვერპლი?

-ჩემი ცხოვრებიდან არცერთ ეპიზოდს არ წავშლიდი. მინდა გითხრათ, რომ უსამართლობის მსხვერპლი არასდროს ვყოფილვარ.

-გულწრფელი ბოდიში თუ მოგიხდიათ ვინმესთვის, ან თუ გიპატიებიათ?

-ადამიანს, რომელსაც საბოდიშოდ გაუხდება საქმე, ის კაცი მტყუანია. რა თქმა უნდა, ბევრისთვის უნებლიე შეცდომები მიმიტევებია.

წყენას, როგორ გამოხატავთ, ადვილად გწყინთ?

-დიახ, ადვილად მწყინს. არ ვიმჩნევ, მაგრამ ყოველთვის მახსოვს.

-ვისი აზრია, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული?

-ყველას აზრი გასათვალისწინებელია, თუ ის სიმართლეს შეიცავს, ზოგჯერ კარგად მოფიქრებული ტყუილიც ჭკუის სასწავლებელია.

-წარსულზე, როცა ფიქრობთ და აანალიზებთ რა მომენტები გახსენდებათ ყველაზე მძაფრად?

-აფხაზეთის ომიდან დაწყებული, რამდენიმე ათეული წელიწადი, რომელიც საქართველოს ნახევარმა მოსახლეობამ და განსაკუთრებით ახალგაზრდობამ უიმედობაში გაატარა, რამაც გარკვეული დაღი დაასვა ჩვენს ქვეყანას.

-დარიგება და რჩევა, რომელიც არასდროს არ დაგავიწყდებათ?

-არაჩვეულებრივი დარიგებები აქვთ ნათქვამი თავის დროზე: დავით გურამიშვილს, სულხან-საბა ორბელიანს, ვაჟა ფშაველას, შოთა რუსთაველს, ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელს და სხვებს.

როგორი მეუღლე, მამა და ბაბუა ხართ?

-ხმაურიანი, თავაზიანი და დამრიგებლური.

ოჯახზე მოგვიყევით…

-მამა იპოლიტე ჩემინავა, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი და სამამულო ომის მონაწილე გახლდათ. სხვადასხვა დროს იყო სკოლის დირექტორი, ბოლოს მე-13 საშუალო სკოლის დირექტორი გახლდათ. ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. დედა მერი მიმინოშვილი იყო რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი. ზუგდიდის პოლიტექნიკუმის ქიმიის კათედრის გამგე. მასაც ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. მყავს მეუღლე ლიანა დარასელია. წლების მანძილზე მუშაობდა N 8 საშუალო სკოლაში მუსიკის პედაგოგად. ამჟამად დიასახლისია. გვყავს ორი შვილი. გოგონამ მერი ჩემინავამ დაამთავრა მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმების ასოციაციაში ექიმ-ლაბორანტად. ბიჭი ვლადიმერ ჩემინავა-ინდმეწარმეა. შვილიშვილები: თამარ ჯალაღონიამ დაამთავრა “სან-დიეგოს” სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრის კვალიფიკაციით. მუშაობს თბილისში.

დავით ჩემინავამ დაამთავრა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული სასწავლებელი კომპიუტერული ქსელების და სისტემების ტექნიკოსის სპეციალობით. მუშაობს ქალაქ ბათუმში დაცვის სამსახურში. 2015 წლის კარატეს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. ლიანა ჩემინავა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის წარჩინებული სტუდენტია. სპორტში ჰქონდა გარკვეული წარმატებები. მიღებული აქვს მრავალი მედალი და დიპლომი მძლეოსნობაში. იყო ზუგდიდის სკოლის ასაკის გოგონათა ფეხბურთელთა გუნდის წევრი. მიღებული აქვს ჯილდოები. ნიკო ჯალაღონია კი მე- 11 კლასის მოსწავლეა.

-და ბოლოს…

-ზუგდიდი, ჩემი ქალაქია და განსაკუთრებულად მიყვარს. აქ არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს, როგორც ძველი თაობა, ასევე პერსპექტიული და წარმატებული ახალგაზრდები. ვუსურვებ მათ, უღრუბლო ცას, მიზნების ასრულებას და დიდხანს სიცოცხლეს.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!