- ნიუ იორკის ცენტრალურ პარკში კუბი დადგეს, რომელიც მთლიანად ოქროსგანაა შექმნილი. მედიაში მას “იდუმალი კუბი” უწოდეს. ნაკეთობის ღირებულება 12 მილიონი დოლარია და 186 კილოგრამს იწონის. ის 24-კარატიანი ოქროსგან შედგება.
ოქროს კუბს დამთვალიერებლები არ აკლია, მის ფონზე იღებენ ფოტოებს და ნაკეთობის შესახებ თავიანთ აზრს გამოთქვამენ. კუბს დაცვის ოფიცრები იცავენ.
ის გერმანელი ხელოვანის, ნიკალას კასტელოს შემოქმედებაა. ავტორმა მას “კასტელოს კუბი“ დაარქვა.
ნამუშევარი არ იყიდება, ხელოვანის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ “კასტელოს კუბი“ შვეიცარიაშია დამზადებული. ის ჩამოასხეს სპეციალური ხელნაკეთი ღუმელის საშუალებით, რადგანაც გამოყენებული ოქროს რაოდენობის გამო და უკეთესი დნობისთვის განსხვავებული მოცულობის დანადგარი იყო საჭირო.
ხელოვნების ნიმუშის გახსნის ცერემონიის ამსახველი ფოტოები “ინსტაგრამზე“ ნიკალას კასტელოს მეუღლემ გამოაქვეყნა და ნამუშევარს “მაგიური” უწოდა.
დამთვალიერებლის დიდი ნაწილი კუბით აღფრთოვანებული არ არის და თვლიან, რომ ძალიან მარტივი ნამუშევარია, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ოქროს კუბს შთამბეჭდავი ანარეკლები აქვს და ძალიან ლამაზია.
თავად კასტელო ამბობს, რომ ეს არის ხელოვნების კონცეპტუალური ნიმუში – “მსურდა შემექმნა ისეთი რამ, რაც ჩვენი სამყაროს მიღმაა, რაც არამატერიალურია. მისი შექმნის იდეა დაფუძნებულია 21-ე საუკუნის განვითარებად კულტურულ ეკოსისტემაზე, კრიპტოვალუტაზე და უძველეს მსოფლიოზე, სადაც ოქრო ყველაფერი იყო“, – ამბობს ხელოვანი.
საინტერესოა, რომ ხელოვანმა თავისი პირადი “ქოინები” გაყიდა იმისთვის, რომ პროექტი დაეფინანსებინა.