- ზუგდიდელი ანა შარია პროფესიით მედდა გახლავთ. ბავშვობიდან ქსოვდა, ქარგავდა, კერავდა, ნატურალური ქვებისგან ქმნიდა სხვადასხვა ორიგინალურ აქსესუარებს. მან ბავშვობის გატაცება მიზნად დაისახა და ხელსაქმე ბიზნესად აქცია. ანას უნივერმაღის ყოფილ შენობაში პატარა ჯიხური აქვს, სადაც თავის ხელნაკეთ ნივთებს ჰყიდის.
ანა შარია: “ხელოვნება ბავშვობიდან მიყვარდა. ქსოვას, ქარგვას დროის დიდ ნაწილს ვუთმობდი. ვაკეთებ საყურეს, თმის აქსესუარებს, ბროშებს, ასევე ვამზადებ საახალწლო ნაძვის ხის აქსესუარებს. ვქსოვ საეკლესიო ქუდებს. ორნამეტებს ვქმნი ბისერებით. ვმუშაობ ბუნებრივ ქვებზე. ფეხსაცმლებს სახეს ვუცვლი და ვათანამედროვებ, ასევე საცეკვაო ფორმების აქსესუარებს ვამზადებ. გარდა ამისა, სადღესასწაულო ტორტის მოსართავ შაქრის ფიგურებს ვამზადებ. მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ. ეს ის სფეროა, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. მინდა მომხმარებლებს, ყოველთვის ახალი და განსხვავებული ნამუშევარი შევთავაზო”.
–ვინ არის თქვენი ნამუშევრების შემფასებელი?
-ჩემი ნამუშევრების შემფასებელი არის ოჯახი, ახლობლები და მეგობრები. მათი აზრი, ჩემთვის მნიშვნელოვანია.
–რამდენი ხანი მუშაობთ ნამუშევრებზე და ვინმე თუ გეხმარებათ?
-დამხმარე არავინ არ მყავს, ყველაფერს ჩემით ვაკეთებ. რაც შეეხება დროს, ნამუშევარს გააჩნია.
–ანას ხელნაკეთობების ფასები როგორია?
-მაქსიმალურად ვცდილობ, ფასები იყოს ქართველ მომხმარებელზე მორგებული და ყველას შეეძლოს სასურველი ნივთის შეძენა. მინდა ყველას ხელი მოუმართო. ჩემი თითეული კლიენტი ჩემთვის დასაფასებელია.
მასალა მოამზადა ხატია წყაროზიამ