- მეგი მაქაცარია ახალსოფლის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა და იმავდროულად, ზუგდიდის სამხატვრო სკოლის აღსაზრდელია. “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ ხატვა მისთვის ყველაფერია და აგრეთვე ყველაფერია მისთვის წერაც,-პროზა უყვარს ძალიან.
ახალგაზრდა შემოქმედი ცნობილი ახალსოფლელის თორნიკე მაქაცარიას შვილიშვილია. მისი წინაპრები სოფლის მოწინავე კოლმეურნეები იყვნენ, სოფლის კეთილდღეობაზე და წინსვლაზე ფიქრობდნენ. მეგი, მაქაცარიების მეოთხე თაობაა, ის თავისი წინაპრების ტრადიციას ამაყად აგრძელებს…
– მეგი, როდის დაინტერესდი მხატვრობით?
-პატარაობიდანვე მომწონდა ხატვა. მიზიდავდა ის ფერადი პალიტრა და სამყარო, რომელშიც მხატვრები ცხოვრობდნენ. მეც მსურდა, მათი მსგავსი მრავაფეროვანი ცხოვრება მქონოდა.
– შენი პირველი ნახატი…
–პირველი ნახატი შევქმენი საბავშვო ბაღში. პედაგოგებმა დაგვავალეს, რომ ოჯახი დაგვეხატა. მახსოვს, ჩემს გვერდით მჯდომმა ბავშვმა დამცინა, რა გავს შენი ნახატიო. მეწყინა, თუმცა ამ საქმისთვის თავი არ დამინებებია. დღემდე, ვცდილობ, საკუთარი თავის განვითარებას.
-ხატვისას რა ფერებს იყენებ?
– ჩემი პალიტრა მრავალფეროვანია, სიცოცხლით-აღსავსე და ხალისიანი.
– თუ გაქვს სხვა რამე განსაკუთრებული გატაცება?
-ყველას აქვს გატაცება. მიყვარს პატარებთან ერთად გართობა, თამაში, რადგან მათთან ურთიერთობა ჩემი ბავშვობის ტკბილ მოგონებებს მახსენებს. მიყვარს იმის ყურება, თუ როგორ იცინიან პატარები ისინი, ხომ უმანკოები და ყველაზე ტკბილები არიან. გარდა ამისა, მიყვარს პოეზია, კულინარია და ფსიქოლოგიით ვარ დაინტერესებული.
– რა არის შენი მიზანი…
-მინდა სიყვარულის ქვეყანაში ვიმოგზაურო.
– ემოციური ხარ?
– ემოციური პიროვნება ვარ, რასაც ჩემს მინუსად ვთვლი.
-კამათი გიყვარს?
– ყოველთვის ვცდილობ, რომ კამათს თავი ავარიდო
– თემა, რომელზეც საუბარი არ გწყინდება…
-ლიტერატურა და პოეზია ის თემებია, რომელზეც გაუჩერებლად შემიძლია საუბარი.
– ქართული ცეკვა თუ მოგწონს?
– კი, ძალიან მომწონს. ცეკვაზე ადრე დავდიოდი. ქართული ცეკვა ეს არის, ის რითაც უნდა ვიამაყოთ.
-პანდემიის დადებითი და უარყოფითი მხარეები…
-პანდემისას საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოვაჩინე და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა დამეწერა წიგნი. წიგნს „ჩემი პატარა ანგელოზი“ ჰქვია.
-მეგობრებზე რას გვეტყვი…
-რთულია ცხოვრებაში ნამდვილი მეგობარი იპოვო, რადგან ადამიანებს ზურგს უკან საუბარი და შენთვის ტკივილის მიყენება სჩვევიათ.
-მომავალი პროფესია თუ აირჩიე?
– არქიტექტორი მინდა გავხვდე, მაგრამ ფსიქოლოგობაც მსურს.
-და ბოლოს…
-და ბოლოს, თითოეულმა ადამიანმა საკუთარი თავი უნდა შეიყვაროს ისეთი, როგორიც არის.
“ზუგდიდელები”