ვერიკო ჯაბუა: ექიმობა მსურს, მინდა ადამიანებს დავეხმარო და სიცოცხლე ვაჩუქო


  • ზუგდიდელი, 16 წლის, ვერიკო ჯაბუა კულინარიითაა გატაცებული. უყვარს გემრიელი კერძების მომზადება. “ზუგდიდელებთან” ამბობს, პატარობიდანვე მიყვარდა სამზარეულოში ფუსფუსიო. ხან რას ვამზადებდი, და ხან რასო.

ყველაზე მეტად მოსწონს, როცა მისი მომზადებული კერძებით მეგობრები კმაყოფილები არიან. ვერიკო, ამჟამად საფრანგეთში, ქალაქ ტულუზაში იმყოფება.

ვერიკო ჯაბუა: „ჯუმის საჯარო სკოლაში ვწავლობდი, თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ… ერთ დღეს, ექიმებმა გვითხრეს, რომ თირკმლის მწვავე ქრონიკული უკმარისობა მქონდა. თავიდან იაშვილის ბავშვთა სახელობის კლინიკაში ვმკურნალობდი, მაგრამ ჩემი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. მკურნალობა კი დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ოჯახს კი ამის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ მშობლებმა გადაწყვიტეს, რეაბილიტაციის კურსი გამევლო საზღვარგარეთ. დედა ჩემს და-ძმებთან დარჩა კოლხიდაში, მე და მამა საფრანგეთს ჩავბარდით ლტოლვილად. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მოვიკითხო ჩემი სკოლის დირექტორი, მასწავლებლები, კლასელები, ჩემს სოფელს მადლობას ვუხადი დახმარებისთვის და გვერდში დგომისთვის.

თავიდან, დედისგან, და-ძმისგან, მეგობრებისგან შორს ყოფნა მიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერს მივეჩვიე. მამა ჩემი დონორი გახდა, მან ცალი თირკმელი გადამინერგა. უფლის, მამის და ფრანგი ექიმების წყალობით, დღეს ცოცხალი ვარ. ფაქტიურად, მათ მეორე სიცოცხლე მაჩუქეს. ახლა, თავს უკეთ და მხნედ ვგრძნობ. აქაურობას უკვე შევეჩვიე. ორი წელია კოლეჯში დავდივარ. მომავალ წელს ლიცეუმში მიწევს სწავლის გაგრძელება”.  

 -კულინარიით ხარ გატაცებული..

-პატარობიდანვე მიყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი. დედას ყოველთვის ვეხმაროდი სხვადასხვა კერძის მომზადებაში, მაგრამ ჯანმრთელობა ყოველთვის მიშლიდა ხელს. პანდემიის დროს, მე და მამამ, გადავწყვიტეთ, ფრანგებისთვის, ქართული სამზარეულოს და ჩვენი ტრადიციების გაცნობა. ამ მიზნით, დავიწყეთ სხვადასხვა კერძის მომზადება. მე და მამამ ჩვენი მასპინძლებისთვის მოვამზადეთ ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, ნიგვზიანი ბადრიჯანი და სალათები. ასევე, გამოვაცხვე ნამცხვრები. ჩვენი ბინის დაბლა რესტორანია, მათ შეფ-პოვარს გავასინჯე ჩემი ნახელავი, ძალიან მოეწონათ და რეცეპტიც მთხოვეს. ფრანგებს მოსწონთ ქართული სამზარეულო და როგორც მეუბნებიან, ყველაფერი შესანიშნავად გამომდის.

დიდი სურვილი მაქვს, მქონდეს ჩემი საკონდიტრო და ყველას გავასინჯო ქართული კერძები. საქართველოდან ქართული სუნელები გამომიგზავნეს, აქაურებს გავასინჯეთ და ძალიან მოეწონათ.

-როგორია საფრანგეთიდან დანახული საქართველო?

-საქართველო ძალიან ლამაზია. მენატრება ჩემი  სოფელი. სხვათაშორის, ფრაგნებიც აპირებდნენ ჩამოსვლას საქართველოში, ბილეთები დაჯავშნილი ჰქონდათ, მაგრამ პანდემიამ შეუშალათ ხელი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვბრუნდები სამშობლოში. რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსის გავლა მიწევს.

-შენი ჰობი?

-თავისუფალ დროს ვხატავ და ხელნაკეთ ნივთებს ვქმნი. ეს სასიამოვნო პროცესია.

-საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებთან თუ გაქვს ურთიერთობა?

-ქართველებს ხშირად ვხვდებით. ძალიან ბედნიერი ვარ, როცა უცხო ქვეყანაში ქართული საუბარი მესმის. ჩვენთან იმყოფება ზუგდიდელი მარი როგავა, მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. მარი, ახლა კარგად გრძნობს თავს. ისიც რეაბილიტაციის კურსს გადის.

-მომავალი პროფესია თუ აირჩიე?

-ექიმი მინდა გამოვიდე. მსურს, ადამიანებს დავეხმარო და სიცოცხლე შევუნარჩუნო. მიზნის მისაღწევად კი ყველაფერს გავაკეთებ. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და საქართველოს მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

საუბარი ჩაიწერა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!