გიორგი ბულია, – ახალგაზრდა ზუგდიდელი მზარეული ირკუტსკში


  • ზუგდიდელმა გიორგი ბულიამ, მზარეულის პროფესია აირჩია ცხოვრების მეგზურად. ამბობს, რომ საინტერესო, მრავალფეროვანი და ორიგინალური საქმეა. მიუხედავად არც თუ ისე დიდი ასაკისა, კულინარიის სხვადასხვა მასტერკლასში უკვე მიიღო მონაწილეობა, ზუგდიდში და ზუგდიდს გარეთ, არაერთი რესტორნის სამზარეულოშიც იმუშავა. ამჟამად კი, საქართველოდან შორს, ირკუტსკში, ქართულ რესტორანში “ალავერდი” მუშაობს.

გიორგი ბულია: -ადამიანი ერთ ადგილას დიდხანს არ უნდა გაჩერდეს, მეტი უნდა მიიღოს საკუთარი თავისგან. მუდამ ძიებაში და სიახლეების დანერგავში უნდა იყოს. მზარეულობა საინტერესო პროფესიაა. საქართველო სტუმართმოყვარე და კულინარიული ქვეყანაა, ბევრი ისეთი კერძები გვაქვს, რითაც შეგვიძლია მოვხიბლოთ და გავაოცოთ ვიზოტორები. ძალიან მინდა, მეც, ამ საქმეში ჩემი პროფესიონალიზმით,  ქვეყნის განვითარებაში მცირეოდენი წვლილი შევიტანო.

-გიორგი, ორიოდ სიტყვით შენს შესახებ…

-ვსწავლობდი წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში. ჩავაბარე კოლეჯში ეკონომიკურ ფაკულტეტზე, პარალელურად, მიმტანადაც დავიწყე მუშაობა. 17 წლიდან აქტიურად ვმუშაობ. სწორედ, იმ პერიოდში დავინტერესდი კულინარიით. დროთა განმავლობაში, მივხდი, რომ კულინარიას უფრო დიდი ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში, ამიტომ გადავწყვიტე  ეს საქმე, შემესწავლა პროფესიონალურ დონეზე. მართალია, სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ კარგი შედეგი მაქვს.

თავდაპირველად, მზარეულად, ზუგდიდში დავიწყე მუშაობა სხვადასხვა რესტორანში, რამაც განმავითარა, მეტი მოტივაცია და სტიმული მომცა. შემდეგ გადავწყვიტე,  გამეგრძელებინა ჩემი საქმიანობა თბილისში. დედაქალაქში უფრო რთული აღმოჩნდა მუშაობა, მაგრამ ადვილად მივეჩვიე. მინდოდა უფრო მეტისთვის მიმეღწია და მოგვიანებით, სტეფანწმინდას მივაშურე, იქ სერიოზული სარესტორანო ქსელია. ძირითადად, ტურისტებთან მიწევდა ურთიერთობა, რაც სასიამოვნო იყო ჩემთვის. ყაზბეგში, ერთ წლიანი მუშაობის შემდეგ, რუსეთში გადმოვედი სამუშაოდ. ამჟამად, ქალაქ ირკუტსკში ვიმყოფები. ვმუშაობ რესტორან “ალავერდში”.

-“ალავერდში” ქართველები გსტუმრობენ? 

-ჩვენი სტუმრების 15% ქართველია. რუსებს ძალიან მოსწონთ ქართული სამზარეულო. მათთვის არსებობს ქართული, აზიური, ევროპული და იტალიური სამზარეულო, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართული სამზარეულო დიდ კონკურენციას უწევს სხვა ქვეყნის სამზარეულოს. ხშირად ვაკვირდები რესტორნების შინ მიტანის სერვისებს, ამ მხრივ, ქართული სამზარეულო ძალიან პოპულარულია, რაც საამაყოა ქართველებისთვის და ჩემთვისაც. სტუმრები ხშირად გვეკითხებიან რა ჰქვია ამა თუ იმ კერძს, ინტერესდებიან სახელწოდებით. სხვათაშორის, ჩვენი ლამაზი და გემრიელი კერძებით ხალხს ინტერესს ვუჩენთ საქართველოს მიმართ, შემდეგ  უკვე თავად საქართველოს სტუმრობის ინტერესიც  უჩნდებათ.

-პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა რესტორნებს.

-დიახ. გასული წლის მარტში გავხსენით რესტორანი, თვის ბოლოს მოგვიწია დროებით დახურვა, მაგრამ გატანის სერვისით ვმუშაობდით. ზაფხულიდან კვლავ დავიწყეთ აქტიური მუშაობა. ახლა რესტორნებისთვის 24 საათიანი მუშაობის რეჟიმი შეჩერებულია, მუშაობენ მხოლოდ 23:00 საათამდე. რა თქმა უნდა, ყველა იცავს რეკომენდაციებს. იმედია, პანდემია მსოფლიოში მალე ჩაივლის და ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში ჩადგება. მე, პირადად, გაჩერებას არ ვაპირებ. მეტი კაპიტალის მიღება მსურს, რასაც ბოლოს ჩემს სამშობლოს მოვახმარ.

-რა ტრენდია ფერადი ხინკლები?

-ფერადი ხინკლები უცხოელებს იზიდავთ. ქართველი, რა თქმა უნდა, კლასიკურს ირჩევს. ფერადი ხინკლისთვის გამომყავს ნატურალური საღებავი. მაგალითად, ჭარხალი, ცომთან შეერთების დროს, მოვარდისფრო ფერს ღებულობს და ცომს განსხვავებულ გემოსაც აძლევს. ფერად ხინკლებს ძირითადად ბავშვებისთვის უკვეთავენ. პატარებს,  ნათელი ფერები მეტ ხალისს ჰმატებს.

-გიორგი, როგორ ფიქრობ, ძველი ქართული კერძებიდან რა შეიძლება ისეთი სახით აღდგეს, რომ სიახლე და ძველებური გემო ერთდროულად შევიგრძნოთ?

-ყველა კერძის გადაკეთება შეიძლება ევროპულ დონეზე და საკმაოდ ლამაზი და გემრიელიც გამოდის.  ქართველი კულინარები მუშაობენ ამ საკითხზე. მე, მაგალითად, ელარჯზე მუშაობა მომწონს მისი ელასტიურობა სახალისო რამეა.

-რა არის კულინარიაში ყველაზე მთავარი?

-ყურადღება, სიყვარული საქმის მიმართ და მრავალფეროვნება.

-გიორგი, რომელია შენთვის ეროვნული ღირსების კერძი?

-რა თქმა უნდა, ხინკალი.

-სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

-დიდი სურვილი მაქვს, საკუთარი კულინარიული ობიექტი გავხსნა უცხოეთში.  საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები და როგორც გითხარით, მიღებულ ცოდნას ჩემს ქვეყანას და ქალაქს მოვახმარ.

ეკა ფარულავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!