მსოფლიო საოპერო მომღერალი და ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ზუგდიდს სტუმრობდა. მისმა სტუმრობამ ზუგდიდის საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საოპერო მომღერლის სტუმრობა ზუგდიდელებმა პოლიტიკაში მოსვლის პირველ ნაბიჯებად აღიქვეს. თუმცა, ყურადღება სტუმრის საუბრიდან სხვა საკითხებმაც მიიქცია. ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზიაში GG-ში შეკრებულ საზოგადოებას პაატა ბურჭულაძემ თბილისში, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის მშენებარე ტაძრის მნიშვნელობაზე და მშენებლობის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მიაწოდა. ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას ფონდი “ივერიისა” ახორციელებს, რომელსაც, პატრიარქის კურთხევით, პაატა ბურჭულაძე უდგას სათავეში. მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას, აშენდება მუზეუმიც. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა სპეციალური ფილმი, რომელიც მაყურებელს ტაძრის მშენებლობის შესახებ მოუთხრობს. “იავნანას” დამფუძნებელმა ასევე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა ღვთისმშობლის შესამოსელი, ერთი დღით, ზუგდიდის დადიანების სასახლიდან მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გადააბრძანონ. აღნიშნულ საკითხზე ასევე ისაუბრა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ. მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი 2017 წლის 25 დეკემბერს გაიხსნება. ბევრი ზუგდიდელი ფიქრობს, რომ ღვთისმშობლის შესამოსელი ერთი წუთითაც არ უნდა გავიდეს ზუგდიდიდან.