დღიური N9. ლიკა როგავა: “დავუბრუნდი ჩემს მონატრებულ ქალაქს…”


ამ სტრიქონებს ლიკა როგავა უკვე ზუგდიდში წერს. დამთავრდა სვანური კარანტინი და დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს. შეგახსენებთ,  ზუგდიდელმა ლიკა როგავამ  12 დღე გაატარა კარანტინში სვანეთში განვითარებული კორონავირუსის გამო.

“23 აგვისტო, 2020 წელი,

დღე მშვიდობის, ჩემო ძვირფასებო.

გუშინ იმდენად ემოციური და გრძელი დღე იყო,  კომპიუტერთან დასაჯდომად და საწერად ვერ მოვიცალე. დასრულდა კარანტინის დღეები, თავისი ემოციებით და სირთულეებით. ყველაზე რთული იყო მეთორმეტე დღის მოლოდინი. ჩვენდაუნებურად, ძალიან ადრე გაგვეღვიძა, მოლოდინი იმის, რომ ტესტირების პასუხი უნდა მოსულიყო, მოსვენებას გვიკარგავდა, თუმცა ერთმანეთზე ზრუნვა გვაძლევდა ნერვიულობის დაფარვის ძალას.

გზად, მესტიიდან ზუგდიდისკენ, ენგური მოგყვება

12 საათზე გაისმა ნანატრი ზარი, რომელმაც გვითხრა, რომ კოვიდ-უარყოფითები ვიყავით. იმ წამიდან დაიწყო წამოსვლის მოლოდინი. ყოველ წამს იცვლებოდა ინფორმაცია, მოვდიოდით თუ არა. ოთხ საათზე, სასტუმროს ჭიშკართან მოვიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სვანური კარანტინის პირველი კოლონა გამოვიდა მესტიიდან. შეუძლებელია იმ წამის გაზიარება, მაგრამ გეტყვით, რომ საოცარი შეგრძნება იყო ზუგდიდისკენ დაძვრა. თავისუფლების და შინ დაბრუნების შეგრძნება ყველას გვაბედნიერებდა. წამოსვლამდე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ძალიან ბევრი და კარგი ადამიანი გადიოდა კარანტინს ჩვენს სასტუმროში. არ მომბეზრდება იმაზე საუბარიც, როგორ გაგვიმართლა რომ მოვხვდით “ჩუბუში”.

დასრულდა…

დავუბრუნდი ჩემს მონატრებულ ქალაქს, სახლს, მშობლებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მელოდა და შორიდან მიმარტივებდა კარანტინის დღეებს. დღეს სხვა დღე და სხვა რეალობა დაიწყო, ჩვეული, რუტინული და მნიშვნელოვანი.

ჩემს ფანჯარაში არ იყურება დედოფალი თეთნულდი, ბარის მზის სხივებმა შემოაჭყიტეს სხივები და დამაბრუნეს რეალობაში.

შეხვედრამდე, ჩემო სვანეთო.”

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!