დღიური N5. ლიკა როგავა: „ჩემი კარანტინის ადამიანები“


  • შეგახსენებთ, ზუგდიდელი ლიკა როგავა, სვანეთში, მესტიაში, კარანტინში იმყოფება და სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”  სვანურ დღიურებს წერს.  დღიური N5:

“18 აგვისტი, 2020 წელი.

ხოჩა ლადეღ,

აქ ყველა დილა ერთნაირად იწყება, დილის რიტუალიც რუტინულია, ერთადერთი განსხვავებით, ძალიან ადრე იწყება დილა, რადგანაც დანაშაულის ტოლფასია გარეთ არ გახვიდე და არ შეიგრძნო ბუნება, მთა და მზე. არ მიესალმო დიად მთებს და სიცოცხლის ენერგია არ მიიღო მათგან. წუხელ, ერთი უცნაურობა აღმოვაჩინე დღის სინათლეზე,-მთების თვალუწვდენელი ჰორიზონტი, ღამის სიჩუმეში და სიმუქეში, ისე იმალება, თითქოს ჰორიზონტი პატარავდება. საოცარია ბუნება, სოცარი და ამოუხსნელი.

მე და ჩემები

კარანტინის რუტინას სამსახური და ამ დღიურის წერა მიფერადებენ. დღეს ცოტა განსხვავებული მინდა იყოს ეს ყველაფერი, ამიტომ გადავწყვიტე, ჩემები გაგაცნოთ – ადამიანები, რომლებიც აქ ჩემთან ერთად არიან. ჩვენ, შვიდივე, ნათესაობისა და მეგობრობის გარდა, მთის და ხეტიალის სიყვარულმა გაგვაერთიანა და ასე აღმოვჩნდით აქ.

ჩემი და და ძმა – ნათია და დათო. რთულია ამ ორ ადამიანზე საუბარი მაგრამ შევეცდები. ჩემი და მართლა განსაკუთრებული გოგოა, ერთგულება, მეგობრობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა მისი ცხოვრების კრედო და უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. პროფესიით ფარმაცევტია და სამედიცინო სფეროში ტრიალებს უკვე 10 წელია. სამსახურის და საქმის ისეთი ერთგულება აქვს, ხშირად მაოცებს, როგორ პოულობს ამხელა ძალას და ენერგიას და როგორ შეუძლია ყველაფერზე წამში რეაგირება. თავისუფალ დროს, რომელიც ჩვენს დროში ცოტა არ იყოს დეფიციტურია, ქარგავს. ქარგავს ძალიან ლამაზად და პროფესიონალურად, ვფიქრობ, მისი ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას იმსახურებენ, მაგრამ ერთი თვისება გამომრჩა მის დახასიათებაში, არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამიტომაც, აქამდე, ვერ დავითანხმე გამოფენა მოგვეწყო, ან სხვა მსგავსი რამ. მასში განსაკუთრებულად მიყვარს სიყვარულის ნიჭი, მე ხომ ძალიან მიყვარს მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მას ბევრად მეტად ვუყვარვარ. მაკვირვებს, ეს როგორ შეუძლია. როდესაც საკუთარ დედ-მამიშვილზე საუბრობ, ობიექტურობის შენარჩუნება მარტივი არაა, განსაკუთრებით როდესაც ჩემს ძმას ეხება საუბარი. არც ჩვენ, მე და ჩემი და, ვართ გამონაკლისი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოჯახში არასოდეს იყო რომელიმე შვილი გამორჩეული, ჩვენ განსაკუთრებულად ავიღეთ პასუხისმგებლობა დათოზე. სუბიექტურობის განცდას მასზე საუბრისას ვერ გავექცევი, ამიტომ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ერთგული და უღალატო ბიჭია.

ვალერი შონია

ამ დღიურებში ძალიან ხშირად ვსაუბრობ მეგობრებზე, როგორ გამიმართლა მათში ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. ბედნიერებაა ასეთი კარგები რომ მყვანან და მათ რიგებშია ვალერი, ბიჭი რომლის სახელიც ამ დღიურებში რამდენჯერმე ვახსენე.  არ იქნება ხმამაღალა ნათქვამი თუ ვიტყვი რომ ძალიან კარგი ბიჭია, მეგობრობა და კაცობა რომ არ ეშლება ზუსტად ისეთი. ვლადიმერ – ვალერი შონია ზუგდიდში დაიბადა და გაიზარდა, დედით სვანს, ბავშვობა სვანეთში აქვს გატარებული და სწორედ, დედულეთის სიყვარული და ბავშვობა არის მისი ამ კუთხის სიყვარულში „დამნაშავე“. უმაღლესი განათლება რომ მიღებული აქვს და 2 პროეფესია რომ აქვს, ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, მე იმას გეტყვით თუ რა განსაკუთრებული ნიჭი აქვს.

ვალერის ხელნაკეთი სანთებელა

თავისუფალი დრო მასაც იშვიათად აქვს მაგრამ ამ იშვიათ დროს, ფერადი ლითონებისგან სხვადასხვა საინტერესო ნივთს ჰქმნის. მესამე წელია თავის პროფესიებს გიდის პროფესია დაუმატა და უცხოელ თუ ადგილობრივ ტურისტებს აცნობს სვანეთს, მის ლამაზ და საინტერესო ადგილებს, უყვება ისტორიებს და ლეგენდებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მისი თვალით დანახულ სვანეთს გიზიარებს და შენდაუნებურად გაყვარებს. საოცრად კარგი მეუღლე და შვილები ჰყავს. მიხარია და მიყვარს ეს ოჯახი.

ჩვენთან ერთად კიდევ სამი ადამიანია, ჩემი დედაქალაქელები, მამიდა, მამიდაშვილი და მისი მეუღლე.  მათ სხვა დროს გაგაცნობთ. ბოლოსკენ კი, იმას დავამატებ რომ აქ – კარანტინში, როდესაც ერთ სიტყვასაც ძალიან დიდი ძალა აქვს, სურპრიზებით მეგობრები და მათი მეგობრები მანებივრებენ. ცოტაც და მგონი ეს კარანტინული ცხოვრებაც ძალიან შემიყვარდება, ისე რომ ბევრჯერ ტკბილად გავიხსენებ და ალბათ ყოველდღიურ რუტინას დაბრუნებული ერთ დღეს ვინატრებ კიდეც მსგავს დღეებს.

პს. თეთნულდი საოცრად იპრანჭება, მგონია უშბამაც გადაიყარა ღრუბლები და მას შესციცინებს. უშბაზე რა ხდება ვერ გეტყვით, ის ჩემი აივნიდან არ სჩანს. გოგოსიანი ვარ, როგორც ჩვენში იტყვიან.

მი სი მალატ.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!