- “დაბომბილ გორში დაჭრილი ქალი”,- ამ ფოტოს 12 წელი ხვალ, 9 აგვისტოს უსრულდება. ეს ის ფოტოა, რომლითაც საქართველომ, 2008 წლის აგვისტოში, საინფორმაციო ომი მოიგო, რომელმაც მსოფლიოს ყველა მედიაპლატფორმა მოიარა და რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ომის, 2008 წლის ომის, სიმბოლოდ იქცა.
ფოტოს ავტორი გიორგი აბდალაძეა, ფოტოგრაფი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს Associated Press-ისთვის მუშაობდა.
ფოტოზე გამოსახული გორელი ქალი ზოია მამედოვაა. როგორც მედია იუწყება, ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვედრიდან ძალიან მალე, მას მეზობლები დაეხმარნენ და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.