- მიხეილ (მიშა) ლომაიას სახელი თაობებმა იციან ნარაზენში და არა მარტო. ბატონი მიშა, წლების მანძილზე უძღვებოდა ამ სოფლის ცხოვრებას და ცდილობდა, ნარაზენი ერთ რიგით სოფელზე მეტი ყოფილიყო მისი მაცხოვრებლებისთვის.
ახლაც, ნარაზენელი მასპინძელი, სოფელში ჩასულ სტუმარს, როცა სოფლის ხედებს ათვალიერებინებს, ხშირად ეტყვის, “ეს, მაშინ, ცხონებულმა მიშა ლომაიამ ააშენა”, “ეს, მაშინ, ცხონებულმა მიშა ლომაიამ გაგვიკეთა და დღემდე მოგვყვებაო…”
მასპინძლობა, მიხეილ ლომაიამ, ოჯახშიც, სამაგალითო იცოდა თურმე. ზუგდიდში ჩამოსული სტუმრები, მაშინდელ ხელმძღვანელობას, ხშირად მიჰყავდა ლომაიებთან მეგრული ადათ–წესების, მეგრული სუფრისა და მასპინძლობის ტრადიციებით თავის მოსაწონებლად. ამ სტუმრიან ოჯახს, ერთი უჩვეულო წესი ჰქონია, საკლავს დაკლავდა და საკლავის ბეჭის ძვალზე, სტუმარს ავტოგრაფს ატოვებინებდა თურმე.
მიშა ლომაიას ოჯახის ამ წესმა დროს გაუძლო და ლომაიების ოჯახში სტუმრად ნამყოფი ადამიანების სახელი და გვარიც უკვდავჰყო იმ ბეჭის ძვლებზე დატოვებული ავტოგრაფებით. ბეჭის ძვლები კი, არა ერთი და ორია, შესაბამისად, სტუმრის სახელი და გვარიც ბევრი.
ასეა, ვინ რას გადაქცევს ოჯახის მემატიანედ და ვინ რას…