- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტოროს ინფორმაციით, მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა.
შედეგად, ნაცვლად 20 აგვისტოსი, პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება.
ახალი კორონავირუსის პანდემიისა და ეპიდემიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორც ცნობილია, საჯარო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად ელექტრონული რეგისტრაციის და აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები გახანგრძლივდა. კერძოდ, პირველი, მეორე და მესამე ეტაპების დასრულების შემდეგ, სკოლებში დოკუმენტაციის წარდგენის პერიოდი 5 ივლისამდე გაგრძელდა. მეოთხე ეტაპის რეგისტრაციისა და დოკუმენტების წარდგენის ვადად კი 20 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე პერიოდი დადგინდა.
თუმცა, სამინისტროში დიდი რაოდენობით შემოსული მოქალაქეთა განცხადებების გათვალისწინებით, რომელთა შვილები ელექტრონული რეგისტრაციით ვერ მოხვდნენ სასურველ ან ვერცერთ ახლომდებარე სკოლაში და გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან, სამინისტრომ მიზანშეწონილად ჩათვალა დაჩქარდეს რეგისტრაციის IV ეტაპის დაწყება, რათა დარჩენილ ადგილებზე, სკოლებს დროულად მიეცეთ შესაძლებლობა რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი ბავშვები ჩარიცხონ. სწორედ ამიტომ, რეგისტრაციის IV ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება,-ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.