- ნიკოლოზ ტყებუჩავა #1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა, დაინტერესებულია ბაიკერობით და ფიქრობს მის პროფესიონალურ დონეზე შესწავლას.
– ბაიკერობით დავინტერესდი 12 წლის ასაკში. სოციალურ ქსელში ვნახე ვიდეო, ძალიან მიმიზიდა და გადავწყვიტე, მეც ბაიკერი გავმხდარვიყავი, მესწავლა რაც შეიძლება მეტი ტრიუკი.
– შენი „ტრანსპორტი“ თუ გაძლევდა ამის საშუალებას?
-ვარჯიში ჩემი პირველი, სამოყვარულო ველოსიპედით დავიწყე…
– პირველი “ტრიუკი” თუ გახსოვს?
-რა თქმა უნდა… ჩემი პირველი “ტრიუკი”, სწორედ, ჩემს ძველსიჩქარიან ველოსიპედზე გავაკეთე 2018 წელს… ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მინდოდა ყველას სცოდნოდა ამის შესახებ და ყველას ენახა კიდეც.
– ზუგდიდში არის „ბაიკერთა კლუბი“?
-სამწუხაროდ, არ გვაქვს, ზუგდიდში, ბაიკერთა კლუბი, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები: მაქსიმე წულაია, ლუკა ქარჩავა, პეტრე მალანია, ლუკა ჯიქია, ვფიქრობთ დავაფუძნოთ და შემოვიკრიბოთ ის ახალგაზრდები, რომლებსაც ძალიან უყვართ სპორტის ეს სახეობა- ბაიკერობა.
– როგორც ვიცი, ბაიკერს სპეციალური ტიპის ველოსიპედი უნდა ჰყავდეს…
-ყველა ბაიკერს, აუცილებლად, უნდა ჰყავდეს შესაბამისი ტიპის ველოსიპედი. როგორებიცაა: bmx, dirt,dh. სწორედ ესენია შექმნილია ექსტრემალური გადაადგილებისთვის.
-შენი ველოსიპედი რა ტიპისაა?
-dirt ტიპისაა. ამ ველოსიპედით შეიძლება ექსტრემალური ტრიუკები განხორციელდეს….
– ვგრძნობ, გინდა შენი ცხოვრება ამ სპორტს დაუკავშირო…
-დიახ… სპორტის ეს სახეობა ძალიან შემიყვარდა. ის არა მარტო სპორტია, არამედ ცხოვრების წესიცაა ჩემთვის.
-რა არის საჭირო იმისათვის, რომ პროფესიონალი ბაიკერი გახდე?
-დავიწყოთ იმით, რომ ნებისმიერი მიზნის მიღწევა ვარჯიშს და დროს მოითხოვს. აი, პროფესიონალი ბაიკერი რომ გახდე, საჭიროა მონდომება, დიდი ნებისყოფა, დიდი დოზით ადრენალინი, რისკი… ბაიკერობა მარტო სისწრაფე არაა… სიამოვნებას ექსტრემი განიჭებს, -სიმაღლე, „ტრიუკი“… როცა ისეთ ილეთს გააკეთებ, რასაც 1 თვე სწავლობდი, ეს თავდაჯერებულობას გმატებს, რომ შენ შეეცადე, იწვალე და გამოგივიდა.
– ამბობენ, რთულია ველოს ნაწილების შოვნა ზუგდიდში…
-საქართველოში, ზოგადად… როდესაც ასეთი სპორტით დაკავდები, უნდა იყო მზად იმისთვის, რომ ყოველთვიურად მაინც, რაღაც ნაწილის შეცვლა მოგიწევს შენს ველოზე. რა თქმა უნდა, ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული და თან, საქართველოში არაა ფართო არჩევანი, რომ საჭირო ნაწილები იშოვო შენი ველოსთვის.. ამიტომ ნაწილების უცხოეთიდან გამოწერა მიწევს-უფრო იაფადააცაა და ხარისხიც უკეთესია.
-ოჯახი, რამდენად მშვიდად უყურებს შენს ტრიუკებს, ეს ხომ საშიშიცაა…
– თავიდან ეშინოდათ. მაგრამ უკვე გამოცდილი ვარ და მენდობიან, მშვიდად არიან. ახალ ტრიუკს პირველად სახლში ვაკეთებ. ბაბუაა პირველი შემფასებელი… მალე, ჩემი უმცროსი ძმაც შემომიერთდება.
-ზუგდიდელ ბაიკერებს თუ იცნობ…
-ზუგდიდში, ვინც ბაიკერობითაა გატაცებული და ჩემი ასაკისაა, უმრავლესობას ვიცნობ. უფროსი თაობების ბაიკერებსაც ვიცნობ: ომეგა პარკაიასგან, გოგა აფხაზავასგან და სხვებისგან, ბევრჯერ მიმიღია რჩევები… პირველი ტრიუკები სწორედ მათი დახმარებით ავითვისე…
– სად მეცადინეობთ, საველოსიპედო მოედანი ან ველოტრეკი ხომ გჭირდებათ?
-ველოტრეკები სჭირდებათ ველომრბოლელებს… ბაიკერები ექსტრემალები ვართ. ჩვენთვის არის სწორედ ზუგდიდის სკეიტპარკი, თუმცა ის, სრულად არ შეესაბამება სტანდარტებს… იქ ვარჯიში, ცოტა არ იყოს საფრთხის მომცველია, მაგრამ მაინც აქ ვვარჯიშობთ. მისი სრულყოფაა საჭირო. ჰაერში ილეთს რომ აკეთებ ველოთი, ინფრასტრუქტურა შესაბამისად გამართული უნდა იყოს. (მაწანწალა ძაღლებიც ვარჯიშში ხელს გვიშლიან. ორი ნაკბენი უკვე მაქვს. ჩემი მეგობრებიც დაკბენილები არიან…). აი, დღესაც, 6 საათზე, ვიკრიბებით ბაიკერები. სხვა მოყვარულებიც დავპატიჟეთ, ვაჩვენებთ ჩვენ რა შეგვიძლია და თუ სურვილი ექნებათ, მათაც ვასწავლით.
– სკოლაში თუ იციან მასწავლებლებმა შენი გატაცების შესახებ?
-ნაწილობრივ… „ფიზკულტურამ“ იცის… მნახა ერთ-ორჯერ და მოეწონა ჩემი ვარჯიში.
-ვინაა შენი ფავორიტი ბაიკერი?
-ფაბიო ვიბმერი. მისი რეკორდია 1.41 სიმაღლზე ველოთი ახტომაა. ფაბიოს შეუძლია მესამე სართულის სიმაღლიდან ველოთი გადმოხტომაც. ეს დიდი სირთულეა, ისე უნდა გადაანაწილო წონა, რომ უსაფრთხოდ დაეშვა.
-რაზე ოცნებობ?
-მინდა მყავდეს სხვადასხვა ტიპის ბევრი ველოსიპედი, ველოკოლექცია მინდა… აი, ისინი, მაღლა რომ ჩამოვთვალე…
-რომელი “ტრიუკი” გინდა შეასრულო?
– ჰაერში ველოსიპედით 360 გრადუსით შემოტრიალება… 180 გრადუსით უკვე მიღწეული მაქვს…
-და ბოლოს, სკოლაზე… რომელია შენი საყვარელი საგანი და პროფესია თუ გაქვს არჩეული?
-ძალიან მიყვარს ტექნიკური საგნები. როგორიცაა: მათემატიკა, ფიზიკა და ა.შ. პროგრამისტი მინდა გავხდე. ეს სფეროც ძალიან მიყვარს. თუმცა ცალსახად აღვნიშნავ იმას, რომ ველოსპორტი ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილი იქნება.
ირაკლი გვასალია,
სპეციალურად „ზუგდიდელებისთვის“