- დიმა კვარაცხელია ქალაქ ჯვარის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული და ჯვარის ახალგაზრდული ტელევიზიის დამფუძნებელი გახლავთ. დიმა ეროვნული გამოცდებისთვის და სტუდენტური ცხოვრებისთვის ემზადება. მომავალი ჟურნალისტი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობა და ობიექტურობა.
დიმა კვარაცხელია: “2008 წელს, როცა შევაღეთ სკოლის კარი, მე და ჩემს კლასელებს გვახსოვს პირველი ნაბიჯები სკოლაში,- როგორ გვეშინოდა ახალ გარემოში მშობლების გარეშე დარჩენა, ახლა კი, როცა სკოლას ვამთავრებთ, ყველა ვიღიმით, მაგრამ ცრემლნარევი ღიმილით. ჩვენ აქ ვიგრძენით დედა, ჩვენ აღარ გვეშინია, რადგან რაღაც დოზით ვართ დამოუკიდებელნი და მზად ვართ, სტუდენტური ცხოვრებისთვის. რა სწრაფად გავიდა ეს 12 წელი. ეს ის წლებია, რომელთა დაბრუნება ყოველთვის მოგენატრება. ამ 12 წლის განმავლობაში ჩემს კლასელებთან და სკოლასთან გატარებული დრო არის დაუვიწყარი. სკოლა, ერთი შეხედვით, ადგილია, სადაც განათლება უნდა მივიღოთ, მეორე მხრივ კი, ეს საშუალებაა ურთიერთობების შესასწავლად. სკოლა მუზეუმია. ჩვენ, მოსწავლეები – ქანდაკებები, რომლებსაც თავი უნდა დაადგა და ზედ თვალები ამოუქარგო. მასწავლებლები არიან გონიერი ხუროთმოძღვრები, რომელნიც ქანდაკების პირისპირ კი არ დგანან, არამედ გარს უვლიან დაუღალავად… მერე თავს მოგვარგებენ, ერთი ნაბიჯით უკან დაიხევენ, აღქმის მზერას მოგვაპყრობენ, თავს გაიქნევენ, მოგვიახლოვდებიან, თვალის ჭრილს შეგვისწორებენ, გააფართოებენ და კმაყოფილი სახით შუბლზე გვაკოცებენ. ჩვენ მუზეუმებს დავამშვენებთ, თავის მხრივ, ხუროთმოძღვრებიც იამაყებენ თავიანთი შემოქმედებით. და… ბედნიერების სუნი ახლანდელივით მუდამ იტრიალებს.
-წელს, უჩვეულო ბოლო ზარი იყო…
-დიახ. 2020 წლის მაისია დრო, რომელსაც 12 წელი ველოდი. ბოლო ზარმა უკვე საქართველოს ყველა სკოლაში ჩამოჰკრა, თუმცა მსოფლიოსა და ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ ყველაფერი შეცვალა, მათ შორის ბოლო ზარის აღნიშვნა. ბავშვობიდან მქონდა სურვილი, როგორც ყველა სკოლის მოსწავლეს, ჩემი ბოლო ზარი განსაკუთრებული ყოფილიყო, მინდოდა მთელს ქალაქს, საზოგადეობას ენახა ჩემი გამოსვლა. როდესაც სხვის ბოლო ზარს ვესწრებოდი, ვამბობდი ჩემი უფრო განსახვავებული იქნება-მეთქი, მე მთელი ჯვარის საზოგადოება მიცნობს და მინდოდა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი განსაკუთრებული დღე მათაც დაემახსოვრებინათ, ასევე ახლობლებს და მეზობლებს, რომლებიც ჩემთან ერთად ელოდა ამ დღეს. 2018 წელს, როცა ჩემმა ძმამ დაამთავრა სკოლა და მის ბოლო ზარს დავესწარი, ის ყოფილა ჩემი ბოლო ზარი.
-დიმა, შენ ჯვარის ახალგაზრდული ტელევიზია დააფუძნე…
-2015 წელს, სოციალურ ქსელში შევქმენი გვერდი სახელწოდებით “ჯვარის ახალგაზრდული ტელევიზია”. ჩავწერე ერთი გადაცემა, როდესაც დავინახე საზოგადოების მხრიდან მოწონება, შემდეგ მეორე ვიდეო ჩავწერე. მაშინ 15 წლის ვიყავი და ბევრი არაფერი ვიცოდი. ვითხოვდი დახმარებას, მაგრამ ამაოდ… მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს, რადგან ამ საქმეში ხელი არ შეუშლიათ და თავისუფალი ვიყავი. ვცდილობდი, დაწყებული საქმე ბოლომდე მიმეყვანა. მეზობელს ვთხოვე ძველი ოთახი, ყულაბაში მქონდა გარკვეული თანხა შენახული, გავტეხე და დაგროვილი თანხით ოთახის კედლებს “შპალერი” გავაკარი. კარდაკარ დავდიოდი ქალაქში და მეორად ნივთებს ვითხოვდი. მოგვიანებით, ბევრი ადამიანი დამეხარა და დღესაც, ვახერხებ ფუნქციონირებას. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მშობლებს, მეზობლებს, წალენჯიხის მერს, ბატონ ბესიკ ფარცვანიას და ტვ.ოდიშს.
ჩვენი ჯგუფი აბსოლუტურად ყველა საკითხზე მუშაობს. სხვადასხვა თემები გაგვიშუქებია და პრობლემა მოგვარებულა. ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს მოუხსნეს დახმარება. სიუჟეტის გასვლიდან ერთ კვირაში პრობლემა მოგვარდა. ერთ-ერთ კორპუსს წყლის პრობლემა ჰქონდა, გადავიღეთ და მეორე დღეს დაიწყო სამუშაოები. საზოგადოება ძალიან გვენდობა და ჩვენი იმედი აქვთ.
-ვინ არიან შენი გუნდის წერვები?
-ამჟამად, ოთხნი ვართ. თემო აბლოთია, ვახო ხასაია, ნუკრი ჭკადუა და მარიამ შამუგია. რაც შეეხება ჩვენს დამფინანსებლებს, ეს ადამიანები ჯვარელები გახლავთ, რომლებიც ახლა თბილისში ცხოვრობენ. მათი ვინაობის გამხელისაგან თავს შევიკავებ.
პირველი გადაცემა იყო თემაზე: “რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას ახალგზარდებისთვის”. სიმართლე, რომ გითხრათ, პირველი გადაცემის დროს, არ მინერვიულია.
ადრე, გადაღებაზე როდესაც მივდიოდი, ჩემი ასაკის ახალგაზრდები დამცინოდნენ: “ჯვარის ტელევიზია მოდისო”, თუმცა, ეს უფრო მაძლიერებდა და ერთი წუთითაც არ მითქვას უარი ჩემს საქმიანობაზე.
ჩემი ბავშვობა განსაკუთრებულად გამახსენდება. მე, როდესაც კამერას, მაგიდას და განათებას ვითხოვდი, ჩემი მეგობრები ბურთს თამაშობდნენ, მე კი სტუდიას ვაწყობდი. თუმცა, ამ წლების განმავლობაში, არასდროს მიმუშავია ვინმეს სასარგებლოდ. ბევრი მუქარა, შანტაჟი გადამატიანია, მაგრამ დღესაც აქტიური ვარ.
-ვინ გემუქრებოდა?
-2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პოლიტიკური აქტივისტები. ჩემი კრიტიკის გამო მათ მიმართ, რადგან მე შევინარჩუნე ობიექტურობა. “ჟურნალისტი შიშისა და მიკერძოების გარეშე” – ჩემი სლოგანი გახლავთ.
-მომავალ პროფესიადაც ჟურნალსიტიკას აირჩევდი…
-მე ახლაც ვთვლი, ჩემს თავს ჟურნალისტად, მაგრამ განათლებით უფრო მინდა განვამტკიცო ცოდნა. ჟურნალისტიკა ყველაზე დაუფასებელი პროფესიაა. მინდოდა საზოგადებას დავხმარებოდი, მათთვის მეთქვა სიმართლე. მე ჩემს თავს, სხვა პროფესიაში ვერ ვხედავ. წელს, “ჯვარი ნიუსთან” მუშაობას ვასრულებ და ვიწყებ ახალ ცხოვრებას. საქმეს, ალბათ, ჩემი გუნდი გადაიბარებს. მე შორიდან დავაკვირდები პროცესს.
-როგორც ვიცი, სხვადასხვა პროექტში მიგიღია მონაწილეობა…
– ვერ ვიტყვი სკოლაში წარჩინებული მოსწავლე ვიყავი მეთქი, მაგრამ წარმატებული ნამდვილად. 3 წელი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართელობის თავმჯომარე ვიყავი. სკოლაში ჩატარდა პროექტი “მკვლევარი” და მივიღე ნომინაცია “საუკეთესო ჟურნალისტური ძიება”. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ჩატარდა ახალგაზრდული მედიაფესტივალი “სარკმელი 2019” და გავხდი საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი რჩეული. პოლონეთში ერთ-ერთ ახალგაზრდულ პროექტში ვიღებ მონაწილებას…
-როგორ დაახასიათებდი შენს თავს?
-სამართლიანი, მინდა გითხრათ, რომ სამართლიანობისთვის თავს გავწირავ. ობიექტური და შრომისმოყვარე.
-ოჯახზე თბილად მესაუბრები…
-მამა-კობა კვარაცხელია მძღოლია, დედა-თამუნა გერგედავა დიასახლისი, ძმა-დავით კვარაცხელია ფეხბურთელი. მამით განსაკუთრებით ვამაყობ. აგვისტოს ომის ვეტერანია, ორჯერ იმყოფებოდა საერთაშორისო მიისით ავღანეთში.
-დიმა, წლების შემდეგ, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი?
-ერთ, რომელიმე ტელევიზიაში რეპორტიორად. დანარჩენს დროს გვიჩვენებს.
-და ბოლოს…
-და ბოლოს… არ აქვს მნიშვნელობა ვისი შვილი ხარ, მთავარია იშრომო, იბრძოლო და აუცილებლად გაიმარჯვებ. მინდა ჩემს თანატოლებს მივმართო-არასოდეს, თქვან არასოდეს.
ეკა ფარულავა