უკრაინაში მცხოვრები ცნობილი ქართველი სააკაშვილზე წერს


  • უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის ყოფილ გუბერნატორს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის მთავრობაში რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. აღნიშნულ ფაქტს უკრაინაში მოღვაწე, ცნობილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი, რაულ ჩილაჩავა გამოეხმაურა. ის თავის ფეისბუქგვერდზე წერს.

“მიხეილ სააკაშვილს, სავარაუდოდ, პარასკევს უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშნავენ. როგორც მედია წერს, პრეზიდენტი ზელენსკი, ხვალ, წარუდგენს რადას მის კანდიდატურას. რადგანაც რადაში ხმების უმრავლესობა ზელენსკის პარტია “სლუგა ნაროდუს” ეკუთვნის. კენჭისყრა, ბუნებრივია, დადებითად დასრულდება. რა შედეგებს შეიძლება მიაღწიოს სააკაშვილმა ამ თანამდებობაზე და რა სირთულეები ელოდება მას? უპირველესად, მისი დანიშვნა ემთხვევა უმძიმეს პერიოდს, როცა უკრაინის მოფამფალებული ეკონომიკა მსოფლიო, კრიზისის გამო, დიდ განსაცდელშია. ომი, რომლის დამთავრებასაც ზელენსკი დაპირდა ამომრჩეველს, დაუმთავრებელია და არავინ იცის, როდის და როგორ დასრულდება. რეფორმირებას მოითხოვს სახელმწიფოს თითქმის ყველა სტრუქტურა, რაც ახალი ვიცე-პრემიერის უმთავრესი სფერო იქნება. აქ მას მცირე მხარდამჭერებთან ერთად ეყოლება ღია და შეფარული ოპონენტების მთელი არმია, რომლების მიმართ რეპრესიების გატარება არ იქნება ადვილი. ოლიგარქებს უწინდებურად დიდი გავლენა აქვთ როგორც ქვეყანაში, ზოგადად, ისე პრეზიდენტზეც. თუ ავაქოვი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს, ისიც ცხადია, ოპონენტთა ბანაკში იქნება. გასათვალისწინებელია ზელენსკის გადაჭარბებული ამბიციურობაც, რამაც შეიძლება ზოგ საკითხში უთანხმოება გამოიწვიოს და კრიტიკული სიტუაცია შექმნას. ცხადია, მიხეილ სააკაშვილს ეძლევა შანსი აიღოს რევანში პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ (რაც ზელენსკისთვის ძირითადი მოტივაციაა) და იგი ამას უთუოდ შეეცდება, მაგრამ მისცემს თუ არა ამის შესაძლებლობას ვიცე-პრემიერის პოსტი, მისი პირველი რეალური ნაბიჯები დაგვანახებს. ჯერ კი დანიშვნას დაველოდოთ,”-წერს ჩილაჩავა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!