- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გუბერნიის შენობის დიდ დარბაზში მიმდინარეობდა და ფეისბუქ გვერდიდან პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
დეპუტატებს შორის დისტანცია დაცული იყო. მათ პირბადეები და ხელთათმანები ჰქონდათ.
საკრებულოს, დღევანდელ სხდომაზე, “სახელოვნებო სკოლების გაერთიანების” დაფუძნების შესახებ უნდა ემსჯელა, თუმცა საკითხის განხილვა გადაიდო. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განმარტებით, საგანგებო პირობებში უწევთ მუშაობა, საკითხს კი დამატებითი კონსულტაციები სჭირდება.
“აქედან გამომდინარე, გადავდეთ ამ საკითხის განხილვა და ამოვიღეთ შესაბამისად, დღევანდელი დღის წესრიგიდან. ასე, რომ ამ საკითხზე ჩვენ უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ, განვიხილვათ. რათა დავრწმუნდეთ ამ განსახორციელებელი რეორგანიზაციის აუცილებლობაზე და მის მიზანშეწონილობაში. ბიურომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ დღეს, ეს საკითხი არ განვიხილოთ”,-განაცხადა წოწერიამ.