ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდასთან ერთად აფთიაქებსა თუ მაღაზიებში მცირდება ნიღბებისა და სადეზინფექციო საშუალებების რაოდენობა. რეკომენდაციების მიხედვით კი ხელის დაბანა ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა ახალი კორონავირუსისგან თავის დასაცავად. ჩვენ აგიხსნით, თუ როგორაა შესაძლებელი სახლის პირობებში ხელის სადეზინფექციო საშუალების დამზადება. შეგახსენებთ, რომ სადეზინფექციო საშუალება არაა პირველადი გზა დაავადების თავიდან ასაცილებლად. სხვადასხვა რეკომენდაციის მიხედვით, ხელი (დაახლოებით 20 წამის განმავლობაში) უნდა დაიბანოთ საპნით, რაც მიკრობების და დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გავრცელებას შეუშლის ხელს. როდესაც საპნისა და წყლის საშუალებით ხელის დაბანის შესაძლებლობა არ არსებობს, უნდა გამოიყენოთ ხელის სადეზინფექციო საშუალება, როგორც ალტერნატივა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციის მიხედვით ხსნარში ალკოჰოლის შემცველობა 60-დან 95 პროცენტამდე უნდა იყოს, რათა ძირფესვიანად გაანადგუროს მიკრობები. ხსნარში ალოე ვერას გელის დამატებით თქვენს კანს გამოშრობისგანაც დაიცავთ. დახურულ ბოთლში მოთავსებული სახლში დამზადებული სადეზინფექციო ხსნარი კვირების განმავლობაში არ კარგავს ფუნქციას. რეკომენდირებულია ხსნარში იზოპროპილის სპირტის (სამედიცინო სპირტის) გამოყენება.
ხსნარის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
11 სუფრის კოვზი სამედიცინო სპირტი
5 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი
5-19 ეთერის ზეთის წვეთი (არჩევითია)
ჯამი
კოვზი
ძაბრი
60 მილილიტრიანი სპრეის ბოთლი ან თხევადი საპნის კონტეინერი
მოათავსეთ ალკოჰოლი და ალოე ვერა ჯამში და მოურიეთ სანამ ერთმანეთში კარგად არ შეირევა. დაამატეთ ზემოაღნიშნული რაოდენობის ეთერის ზეთი. გადაიტანეთ შესაბამის ჭურჭელში.
შეგახსენებთ, რომ ხელის სადეზინფექციო საშუალება არ კლავს ყველა ვირუსს, თუმცა სხვადასხვა რეკომენდაციის მიხედვით, ის კლავს კორონავირუსს, თუმცა ხსნარი საპნით ხელის დაბანის შემდეგ უფრო ეფექტურია
წყარო