გაიცანით შალვა გორდულავა „დედა ჯვარიდან“


  • შალვა (შაკო) გორდულავა ჯვარელია,- „დედა ჯვარიდან“ ვარო, მეთორმეტეკლასელია, გამშვენებული სანთლების ოსტატი. თუმცა რისი ოსტატი არ არის? ქარგავს, ხატწერაში მუშაობს, ლამაზი თვლებით ამშვენებს წმინდანების სახეებს. მშვენიერ სამაჯურებს და ყელსაბამებს აწყობს ნატურალური ქვებისგან.

ზის ახლა ჩემთან, პიჯაკის სხვადასხვა ჯიბიდან იღებს თავის უზადო ნამუშევრებს და ძალიან დამაჯერებლად მიხსნის, რომელი ქვა, ადამიანის სხეულის რომელ ორგანოს იცავს და აჯანმრთელებს. თვითონ ჰემატიტისგან აკინძული სამაჯური უკეთია,-სისხლძარღვთა სისტემას აწესრიგებსო. მართალი გითხრათ, მეც ეს სამაჯური მომეწონა, სადაა და იმავდროულად, თვალისმომჭრელი. შალვას ცხოვრებაში უკვე იყო პირველი განსაცდელი,-კარდიოლოგიური ოპერაცია, რომელიც წარმატებით დასძლია და მისი მომავალი პროფესიაც განსაზღვრა. როგორც ამბობს, სკოლაში კარგი მოსწავლეა, უყვარს ქიმია. წერს ჩანახატებს, სწავლობს ენებს, უკრავს ხალხურ ინსტრუმენტებზე, გატაცებულია ციფრული ტექნოლოგიებით,-მისი შექმნილი ვებგვერდით ამაყობენ სენაკის ქალთა ტრიოს მომღერლები. ახლა, გულში, სწორედ ამ ქალბატონების გამოგზავნილი ჩონგური აქვს ჩახუტებული და ისე მესაუბრება. დაუკარი ჩვენთვისო, რომ ვთხოვეთ, უარი გვითხრა, ჯერ ჩონგური უნდა „მოვირგოო“. გვპირდება, ისევ მოგვაკითხავს ნიუსრუმში და მის საჩონგურო რეპერტუარს მოგვასმენინებს. მოგვიანებით,  სოციალური ქსელებიდან გავიგეთ, რომ შალვა ჩვენგან, ერთ ჩვენს ყოფილ, ახალგაზრდა რესპონდენტთან, დიმიტრი ქარჩავასთან წასულა და ჩონგური სწორედ მასთან „დაუტესტავს“.

შალვას ნახელავი გამშვენებული სანთლები და სამაჯურები საეკლესიო მაღაზიაში „ბეთლემში“ იყიდება. ყველაზე მაღალი სანთელი თურმე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მღვდელმთავარისთვის გაუმზადებია. – მეუფე მაღალია და სანთელი, ლამის მეუფეზე მაღალი გამომივიდაო.

11 წლიდან ამშვენებს სანთლებს. მერე რა, სანთელი რაღაა-ცვილი და ძაფი, ძაფს შემოახვიე ცვილი და მორჩა! ასე არ არის, შალვას ჩამოქნილი სანთლები ხელოვნების ნიმუშებია, სუნთქავენ, სიკეთისთვის, ლოცვისთვის განგაწყობენ. – როგორი გამომივიდა ნახელავი, ამას საეკლესიო პირების და საზოგადოების ემოციით ვხვდები, არასდროს ვნებდები, უკეთესი და უკეთესი ნამუშევრები მინდა შევქმნაო,-გვიმხელს შალვა.

ხელსაქმეში, ამბობს, რომ არავინ ეხმარება, უბრალოდ არავის აწუხებს. დედა ცვილს თუ შემითბობს სამუშაოდო. სამაგიეროდ, თვითონ ეხმარება ოჯახის წევრებს ბოსტნის მოვლაში, საოჯახო საქმეებში, არადა, რომ მითხრა, ჯვარში, კორპუსებში ვცხოვრობო,  შენ თოხს არ იცნობ ალბათ მეთქი…

ძალიან კომუნიკაბელური ახალგაზრდაა. არ უჭირს საკუთარ თავზე საუბარი. მედიასთან თანამშრომლობის გამოცდილებაც აქვს და ჟურნალისტები ხშირად შეცდომებს რომ ვუშვებთ ფაქტობრივ ტექსტზე მუშაობისას, ამასაც შენიშნავს საკუთარ თავზე ნაწვნევი გამოცდილებით.

მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, არაერთი გამოფენა-ფესტივალის, ტრენინგის მონაწილეა. პერსონალურ გამოფენას ჯერ არ გეგმავს, ჯერ უნდა ისწავლოს. ამბობს, რომ მისი გამშვენებული სანთლები და აკინძული ყელსაბამ-სამაჯურები, ჯერ-ჯერობით, მშვენივრად ახერხებენ მის საგანმანათლებლო ინვესტირებას.

წარმატებები ახალგაზრდა კაცს ცხოვრების გზაზე.

ნ.მიქავა


კომენტარი

  1. ელზა ხუბუა

    ჩვენო მრავალმხრივ ნიჭიერო შაკო,ვინც გიცნობთ,ვამაყობთ შენით და გვეამაყება რომ შენი მეგობარი გვქვია.ბევრი ვართ შენი ნახელავით გაოცებული და ხელდამშვენებული.მადლობა უფალს,რომ არსებობ.წარმატებებს გისურვებ კარიაერაში და პირად ცხოვრებაში.

  2. მადონა ღადუა

    წარმატებებით გევლოს სულ??

  3. მზია ქარდავა

    შაკო ძვირფასო, შენ ღმერთმა დაგაბედა ოქროს ხელები. სადაც არ უნდა იყო, რა საქმესაც არ მოკიდო ხელი, ყველაფერი საუცხოოდ გამოგივა. გისურვებ წარმატებებს. ასახელე მშობლები, სკოლა და შენი პატარა ქალაქი.

  4. თამარი

    უდიდეს წარმატებას გისურვებ! საოცარი ნიჭის და მონდომების პატრონი ხარ <3

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!