“ლუდვიგ პფაიფერის” დაქირავებული მანქანები, ზუგდიდის ქუჩებს, სადაც შესაკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს, ყოველდღირად უნდა რწყავდნენ


  • არნახულად თბილი შემოდგომა აქვს საქართველოს. მზიანი ამინდებია სამეგრელოშიც. ზუგდიდიც დატკბებოდა ოქროსფერი დღეებით, რომ არა უწყლობა და მტვრის ბუღი, რომელიც გზების შეკეთებითაა გამოწვეული.

გზების შეკეთების სამუშაოებით გამოწვეულ ხმაურზე, შეფერხებულ გადაადგილებებზე, უძილო ღამეებზე არ ჩივიან მოქალაქეები, მაგრამ სწუხან მტვერზე, რომელიც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის უკვე თვეების განმავლობაში. “ზუგდიდელების” სტუმრები, ცოტნე დადიანის ქუჩიდან, აღნიშნავენ, რომ მათ ქუჩაზე ისეთი მტვერია, ფანჯრების გახსნას ვინ ჩივის, ეზოში და ქუჩაში გასვლა შეუძლებელიაო. ასეთივე მდგომარეობაა ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე. მოსახლეობა ითხოვს მოირწყას ქუჩები დღეში ერთხელ მაინც: “ჭაში წყალი დაშრა, თორემ ამას ჩვენ თვითონ გავაკეთებდით. ყველა თავისი სახლის მიმდებარე ტერიტორიას მორწყავდა, მაგრამ ეს შეუძლებებლია, არადა, ჩვენ ამ მტვერს ვსუნთქავთ. ჩვენი შვილები სუნთქავენ. ჩვენს ფილტვებს ისევე ედება ეს მტვერი, როგორც ოთახში მაგიდას და ტელევიზორს. გამოდის, გვექნება შეკეთებული ქუჩები, მოწესრიგებული კანალიზაცია, მაგრამ არ გვექნება ჯანმრთელობა, მას მტვერი გაგვინადგურებს.”

“ზუგდიდელებმა” ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართა ზუგდიდის მერიის პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ ქალაქის ქუჩების მორწყვას აწესრიგებს მერიის “ააიპ ზუგდიდდასუფთავების” ცენტრი.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” დირექტორი, ნუგზარ მალაშხია “ზუგდიდელებთან” ამბობს: “კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს ასრულებს, ვალდებულია, მორწყოს ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც მუშაობს. ჩვენ ვეხმარებით. გუშინ დამირეკეს, წერეთლის ქუჩის მოსახლეობა არის შეწუხებული მტვრითო და მოვრწყეთ იქაურობა. დღესაც გავაკეთეთ იგივე. საბავშვო ბაღებს წყალი არ აქვთ, ჩვენ იმათ ვემსახურებით.”

შემდეგი, ვისაც “ზუგდიდელები” დაუკავშირდა იგივე შეკითხვით, როგორ და ვინ უნდა მორწყას მტვრიანი ქუჩები გზებზე შესაკეთებელი სამუშაოების მიმდინარეობისას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტორის სამსახურის უფროსი იდა ქვარაია იყო, მანაც გვითხრა, რომ ამ საქმეს, ძირითადად, “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” ასრულებდა და იქვე თქვა, რომ საკითხს დეტალურად შეისწავლიდა.
“ზუგდიდელებს” სარწმუნო წყარომ მიაწოდა ინფორმაცია და ტელეფონის ნომერი, რომ ამ საკითხზე განმარტებას გააკეთებდა კომპანია “ლუდვიგ პფაიფერის” წარმომადგენელი ვინმე”ბუბა”.
ჩვენ დავუკავშირდით “ბუბას”. მან დეტალური ინფორმაციისთვის გადაგვამისამართა კომპანიის დირექტორთან.
კომპანიის ხელმძღვანელმა ელენე სტრინგერმა გვითხრა, რომ მათ ჰყავთ დაქირავებული მანქანები და ის ქუჩები, სადაც გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ყოველდღე ირწყვება: “ქუჩები დღეში ერთხელ ირწყვება, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ეს, ძირითადად, დილით ადრე ხდება, ან გვიან. მოსახლეობის მესმის აბსოლუტურად. გაითვალისწინონ, რომ ეს არ არის საქართველოს პროექტი. კი, რაღაც გარკვეული თანხები ფინანსდება საქართველოდან, მაგრამ ეს არის დაკვეთა უცხოური საერთაშორისო ბანკის მიერ. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მოწმდება მხოლოდ ხარისხი და პროცესი. მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. სამწუხაროდ, ცოტა ხანი უნდა შევაწუხოთ ხალხი და ექვს თვეში მთლიანად დასრულდება ზუგდიდის გზების რეაბილიტაცია.” შემდეგ კი, ელენე სტრინგერმა გვითხრა, რომ დამატებითი ინფორმაციისთვის მიგვემართა კომპანიის წარმომადგენელისთვის ლაშა კვირკვიასთვის. ამ უკანასკნელმა კი გვითხრა, რომ კომპანიას ნაქირავები აქვს ერთი რვატონიანი და ერთი ხუთტონიანი მანქანა, რითაც ყოველდღიურად, დღეში ორჯერ, რწყავენ ქუჩებს. “რა თქმა უნდა, მთლიანად ზუგდიდის ტერიტოერიას ვერ ვაკმაყოფილებთ, სადაც საგანაგაშო სიტუაციაა, მანდ ყოველდღე, საღამოს  და დილთ ვრწყავთ. ხშირად, მოსახლეობა გვირეკავს და ადგილზე გავდივართ. მორწყვით სამუშაოებს ასრულებენ მძღოლები ლაშა მოსია და პაატა შენგელია”.
“ზუგდიდელებმა” აქ შეწყვიტა კვლევა იმის შესახებ, თუ ვინ და როდის უნდა რწყავდეს ქუჩებს, სადაც მიმდინარეობს გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. გაირკვა, რომ ქუჩები ყოველდღე უნდა მოირწყას, მაგრამ ფაქტია, ეს ასე არ ხდება, სხვა შემთხვევაში, მოსახლეობა არ მოგვმართავდა ჩივილით და თხოვნით გვიშველეთო. თუმცა, მათი მომართვა და დასტური არ არის საჭირო, “ზუგდიდელების” სარედაქციო ჯგუფი თავად ზუგდიდელები ვართ და ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც კომპანიამ იქირავა ქუჩების მორწყვის უზრუნველსაყოფად, “სტანდარტების შესაბამისად” არ ასრულებს თავის მოვალეობას, ანუ არ რწყავს განსაკუთრებული მტვრიანობის შემთხვევაში ქუჩებს ყოველდღიურად, რასაც თვალ–ყური უნდა მიადევნოს როგორც “ლუდვიგ პფაიფერის” ხელმძღვანელობამ, ასევე ქალაქის ხელმძღვანელობამაც.

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!