“ზუგდიდელებმა” შ. მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობისაგან წერილი მიიღო. ის გამოხატავს იმ გულისტკივილს, რომელიც სტუდენტებს ნაშრომის “ზუგდიდი – წარსული და თანამედოვეობა” პრეზენტაციის შემდეგ გაუჩნდათ.
გთავაზობთ წერილს უცვლელად:
ღია წერილი საზოგადოება ,,ზუგდიდელს“, ,,ზუგდიდი – წარსული და თანამედროვეობის’’ გამოცემის რედაქტორთა საბჭოს წევრებს
მოგმართავთ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა სახელით. გავეცანით საზოგადოება ,,ზუგდიდელის’’ ინიციატივით შედგენილ სქელტანიან ნაშრომს ,,ზუგდიდი – წარსული და თანამედროვეობა’’, დავესწარით პრეზენტაციასაც და გაოგნებულები დავრჩით. თითქმის 600 გვერდიან ნაშრომში, რომელიც ძალზე მდიდრულად გამოიყურება პერსონალიის სიჭარბით, ძველი თუ ახალი დროის მოღვაწეებით –– პარტიული და საბჭოთა აქტივით, კულტურის, მეცნიერების, სამეურნეო დარგების მუშაკებით, ნახსენებიც არა არის ქვეყნის უმაღლესი და პროფესიული განათლების სახელმწიფო სტრატეგიის უმთავრესი გამტარებელი რეგიონში, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და მისი უძლიერესი გუნდი. ჩვენ არ ვეხებით წიგნის მეცნიერულ მხარეს, მასზე სპეციალისტები იმსჯელებენ. სამწუხაროდ, ასევე ვერსად წავაწყდით ჩვენი პროფესორ-მასწავლებლების გვარ-სახელებს, მათ სამეცნიერო პუბლიკაციებს ჩვენ საკმაოდ კარგად ვიცნობთ. ნუთუ ზუგდიდელ მეცნიერთა თითქმის ასკაციან სიაში ხუთი მათგანიც ვერ მოხვდა. უნივერსიტეტის არსებობის 7 წლის განმავლობაში გამოცემულ 7 სამეცნიერო კრებულსა და უნივერსიტეტის გრიფით გამოცემულ მონოგრაფიებსა თუ საზღვარგარეთის ქვეყნებში დაბეჭდილ ნაშრომებში მათი კომპეტენცია ნათლად არის ასახული. ისინი ხომ დღეს, ამ ურთულეს ეპოქაში, ზუგდიდში, დე ფაქტო საზღვრისპირა ქალაქში, მუხლჩაუხრელად ემსახურებიან ახალგაზრდა თაობის პროფესიული დაკვალიანების კეთილშობილურ საქმეს.
კარგია, როცა წერთ, რომ 1999 წელს თსუ ზუგდიდის ფილიალში ლექცია წაიკითხა შვეიცარიელმა პროფესორმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა გეორგ მიულერმა, მაგრამ იმას რატომ არ აღნიშნავთ, რომ გასული წლის ოქტომბერში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ფოლკლორისტთა საერთაშორისო კონგრესი, რომელსაც 16 ქვეყნის 35-ზე მეტი მეცნიერი იღებდა მონაწილეობას. ისინი ხუთი დღის განმავლობაში ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ჩვენი ქალაქის ქუჩებში დააბიჯებდნენ, ეცნობოდნენ ჩვენს ადათებს, ყოფასა და კულტურას. მათ ჩვენი ქალაქის სიყვარული თან წაიღეს შორეულ იაპონიასა და ავსტრალიაში, ჩინეთსა და ინდოეთში, შოტლანდიასა და აშშ-ში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. რატომ არაფერს ამბობთ იმაზე, რომ შოთა მესხიას უნივერსიტეტი ERASMUS–ის გაცვლითი პროექტის ფარგლებში ხუთი კონსორციუმის 22 პარტნიორი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების რეალური და სანდო პარტნიორია. 2014 წელს ჩვენი უნივერსიტეტი კონსორციუმის ერთ ერთი მასპინძელი უნივერსიტეტი გახლდათ. არაფერს ამბობთ ჩვენი უნივერსიტეტიდან შვედეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების უნივერსიტეტებში სასწავლებლად წასულ სტუდენტებზე, აგვისტოში მიმავალ მეორე ნაკადზე. დღემდე 17 ახალგაზრდა იღებს განათლებას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში. როგორც გავიგეთ, ზუგდიდს, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქს, მთელი 24 წლიანი ისტორიის მანძილზე არ ჰყოლია საზღვარგარეთ სასწავლებლად საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში კრედიტების სრული აღიარებით მივლინებული არც ერთი სტუდენტი. არც ევროპელი პროფესურით ყოფილა ჩვენი ქალაქი განებივრებული. ეს მხოლოდ ახლა ხორციელდება – გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ოქტომბერში უცხოელ პროფესორთა პირველი ნაკადი ჩამოდის ერთწლიანი ვადით ჩვენს უნივერსიტეტში.
ახლად გამოცემული ნაშრომიდან ირკვევა, რომ თქვენ შოთა მესხიას უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ 2011 წლამდე ფლობთ, რადგანაც მხოლოდ ამ პერიოდამდე გამოცემულ ნაშრომებს აღნიშნავთ. ოთხი წელი სულ შვიდი წლის უნივერსიტეტისთვის ძალიან დიდი დროა. ამ პერიოდის მანძილზე უნივერსიტეტმა გიგანტური ნახტომი გააკეთა წინსვლისაკენ––გაიზარდა მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდა, გაიზარდა აკადემიური პროგრამების, შესაბამისად პროფესორთა რაოდენობა. განხორციელდა ოცზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებითა და ხელშეწყობით ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელდა დიდი ინვესტირება ზუგდიდისა და უნივერსიტეტის სენაკის ბაზებზე. ათწლეულების მანძილზე სანაგვედ და უბნის საპირფარეშოდ ქცეული უნივერსიტეტის შესასვლელთან მდგარი შენობა პირველად ქალაქის და სრულიად რეგიონის ისტორიაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლად იქცა, რომელიც თანაბრად მოემსახურება როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ სტუდენტსა და პროფესურას. თქვენ როგორც ჩანს, არ იცნობთ უნივერსიტეტის სენაკის განყოფილებას, სადაც უნივერსიტეტის რექტორატმა და ადმინისტრაციამ დიდი შრომა ჩადო. აქ აგრარული მიმართულება (ინოვაციური, ალტერნატიული ენერგიის წყაროზე დაფუძნებული სათბურები, 800 000 ლარის ღირებულების მეცხოველეობის ფერმის სამშენებლო სამუშაოები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო კორპუსები)) თვალსაჩინოა და სადემონსტრაციო. ეს ყველაფერი ხომ ზუგდიდის სახელით, ჩვენი უნივერსიტეტის ქუდქვეშ კეთდება, ნუთუ ეს არ გახარებთ.
ალბათ იტყვით, რომ თქვენ არ ფლობდით აღნიშნულ ინფორმაციას, თორემ ამის შესახებ აუცილებლად დაწერდით. ბატონებო, თქვენ 1953 წელს გამართული დახურული პლენუმის მასალებს ეძებთ და იკვლევთ, ჩვენ შესახებ ცნობის მოძიება რა გახდა. ჩვენი უნივერსიტეტის წარმატებები სახეზეა, მას თანაბრად ხედავს ადგილობრივი თუ ჩამოსული, ჩვენი ქალაქის სტუმარი და მასპინძელი. ჩვენი უბედურება სწორედ გაკეთებული საქმის დაუნახაობაშია. სწორედ ამ ფაქტით შეწუხებულებმა გადავწყვიტეთ გაზეთი ,,ზუგდიდის“ მეშვეობით გამოგვეხატა ჩვენი გულისტკივილი. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ხარვეზი წიგნში გასწორდება და მკითხველი მიიღებს სრულ და ობიექტურ ინფორმაციას.
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა
P.S. პრეზენტაციაზე შევეცადეთ, აზრი ადგილზე დაგვეფიქსირებინა, ამით ავცდებოდით წინამდებარე წერილს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მოგვეცა, შეხვედრის ,,შეზღუდული“ ფორმატის გამო. ჩვენდა გასაოცრად, უნივერსიტეტს საკუთარი აზრის გამოხატვის პატივი პრეზენტაციაზეც არ ერგო.