- დედოფალი ელისაბედი სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა. მწერლებმა, პოეტებმა, დრამატურგებმა და თანამედროვე რეჟისორებმა უკვდავყვეს მისი დიდება.
ბოლო წლებში, მის შესახებ უამრავი წიგნი დაიწერა და მრავალი გამოფენა მოეწყო. მსოფლიო რეიტინგით, ის ათ ყველაზე გამოჩენილ ბრიტანელთა სიაში მოხვდა. ელისაბედ ტიუდორი დაიბადა 1533 წელს. თავისი დაბადებით მან ძალიან გაუცრუა იმედი მამამისს, მეფე ჰენრი VIII-ს, რომელიც მემკვიდრე ვაჟზე ოცნებობდა. დედამისი, ანა ბოლეინი, ჰენრის მეორე ცოლი იყო, რომელმაც ვერ შეძლო მეფისთვის ვაჟის გაჩენა.
ისტორიკოსი კრისტოფერ ჰეიგი გვიხსნის: „ტახტზე მჯდომი ელისაბედი ხალხისთვის იყო ქალწული დედოფალი, ეკლესიისთვის — დედა, დიდგვაროვანთათვის — დეიდა, მრჩეველთათვის — ჭირვეული ცოლი, სამეფო კარისთვის კი — მაცდური ქალი”. მისი საიდუმლო იმაში მდგომარეობდა, რომ ის გამუდმებით არწმუნებდა
ხალხს განსაკუთრებულ სიყვარულში და ეს იმდენჯერ გააკეთა, რომ ხალხმა დაიჯერა და სიყვარულზე სიყვარულითვე უპასუხა. ელისაბედს თანამედროვე ისტორიკოსები ხოტბას ასხამდნენ დედოფალს. მისი სიკვდილიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ისტორიკოსმა უილიამ კამდენმა ელისაბედის მმართველობას ქვეყნის აღმავლობის გამო ოქროს ხანა უწოდა. დედოფალმა ხალხს დიდებისკენ სწრაფვა შთაუნერგა. საუკუნეების მანძილზე კამდენის მოსაზრება ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. მე-19 საუკუნის ბოლოს ელისაბედის რეპუტაცია უფრო ამაღლდა, როდესაც მას მიაწერეს ბრიტანეთის იმპერიის დაარსება, რომელიც იმ დროისთვის მსოფლიოს
მეოთხედს მოიცავდა. ფაქტია, რომ ელისაბედი განსაკუთრებული ქალი იყო იმ დროს, როცა მსოფლიოს მამაკაცები მართავდნენ. ის გონიერი და მტკიცე ბუნების ქალი იყო და დიდ წარმატებას მიაღწია დიპლომატიაში. მას მრჩევლები უწერდნენ მჭერმეტყველურ მიმართვებს, ურჩევდნენ, რა ჩაეცვა, როგორ გამოჩენილიყო ხალხში და როგორ გამოესახათ პორტრეტებზე. ამის წყალობით შეიქმნა მისი, როგორც დიდებული მონარქის იმიჯი და ლეგენდარული ოქროს ხანა. ელისაბედმა სიცოცხლის ხალისი დაკარგა და 1603 წლის 24 მარტს გარდაიცვალა. ის ტიუდორების დინასტიის ბოლო წარმომადგენელი იყო. ხალხი მისი სიკვდილის ამბავს სამარისებური სიჩუმით შეხვდა.