- როგორ დავბრუნდეთ სამსახურში შვებულების შემდეგ, პირველივე დღეს, რომ არ შევიძულოთ ყველა და ყველაფერი – ფსიქოლოგი განმარტავს:
წესი პირველი/ერთი დღით ადრე დაბრუნდით
მოაწესრიგეთ სახლი, ამოალაგეთ ჩემოდანი, მოიმზადეთ სამსახურის სამოსი, შეეხმიანეთ კოლეგებს. ეს დაგეხმარებათ სამსახურის განწყობაზე მოსასვლელად.
წესი მეორე/გაითვალისწინეთ დრო
თუ საზღვარგარეთ ისვენებდით, შვებულების ბოლოსკენ სამშობლოს დროზე გადმოეწყვეთ. ჩვეულ დღისა და ძილის რეჟიმს დაუბრუნდით.
წესი მესამე/მოიწყვეთ კომფორტული მგზავრობა
თვითმფრინავით/მატარებლით მგზავრობისას ყავისა და ალკოჰოლის ნაცვლად წყალი სვით. გაიხადეთ ფეხსაცმელი და ტერფების მასაჟი გაიკეთეთ. კარგია თავისა და მხრების ზევით-ქვევით მოძრაობა.
წესი მეოთხე/გამონახეთ დრო აკლიმატიზაციისთვის
ცვლილებების გამო იმუნური სისტემა სუსტდება. ავად, რომ არ გახდეთ, იძინეთ 7-9 საათი, მოერიდეთ ცხიმიან და ტკბილ საკვებს, მეტი დრო დაუთმეთ სუფთა ჰაერზე სეირნობას.
წესი მეხუთე/შეადგინეთ აუცილებელი საქმეების სია
წინასწარ ჩამოწერეთ, რას გააკეთებთ სამსახურში დაბრუნების შემდეგ. მაგრამ პირველ დღეს რთულ საქმეებსა და საქმიან შეხვედრებს ნუ დაგეგმავთ.
წესი მეექვსე/დილიდან შეიქმენით კარგი განწყობა
სამსახურში წასვლის დღეს ადრე ადექით, მიირთვით გემრიელი საუზმე, მოიმზადეთ არომატული ყავა. სამსახურში ცოტა ადრე მიდით. მაგიდაზე დადეთ მოგზაურობისას ნაყიდი სუვენირი, რომელიც სასიამოვნო მოგონებებთან გაკავშირებთ.
წესი მეშვიდე/შეეხმიანეთ კოლეგებს
სამსახურში გამოცხადებამდე 2-3 დღით ადრე შეეხმიანეთ კოლეგას და გამოჰკითხეთ სიახლეების შესახებ, რათა ოფისში მისული უხერხულად არ იყოთ ახალი ამბების გამო.
წესი მერვე/პრიორიტეტები საქმეებში
უპირველესად, საქმეები დაახარისხეთ. ჯერ ისინი შეასრულეთ, რომელთა გადადებაც არ შეიძლება.
წესი მეცხრე/დაგეგმეთ დასვენება
შვებულებიდან დაბრუნებულ ადამიანსაც სჭირდება დასვენება. უახლოს უქმეებზე დაგეგმეთ მეგობრებთან შეხვედრა, საინტერესო კულტურულ ღონისძიებაზე დასწრება.
წესი მეათე/იზრუნეთ საკუთარ თავზე
დასვენება მხოლოდ შვებულების კი არა, სამუშაო დღეებშიც გჭირდებათ. ხშირად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე, დაისვენეთ.