- მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება.
ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია.
მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ დღესასწაულის საყოველთაო აღნიშვნა მოგვიანებით, დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან დაიწყო. სამეცნიერო ლიტერატურაში მითითებულია, რომ ანტიოქიის ეკლესიაში მიძინების მარხვა 1060 წელს პატრიარქ იოანესა და იმპერატორ კონსტატინე დუკას გადაწყვეტილებით დადგინდა.
მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწული, 19 აგვისტო.
წმინდა სვიმეონ თესალონიკელი ამბობს: „მიძინების მარხვა დაწესებულია ღვთისმშობლის საპატივსაცემოდ. ის, ვინც წინასწარ იცოდა საკუთარი განსვენების შესახებ, ასკეტურად მოღვაწეობდა და ყოველთვის მარხულობდა ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ იყო წმინდა და უბიწო და არ საჭიროებდა მარხვას. ამქვეყნიდან გასვლამდე ყოვლადწმინდა მარიამი განსაკუთრებულად ლოცულობდა ჩვენთვის, სწორედ ამიტომ, ჩვენც უნდა ვიმარხულოთ, ვადიდოთ დედა ღვთისმშობელი და მივბაძოთ მის ცხოვრებას.“
საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. სულთმოფენობის შემდეგ, როდესაც მოციქულებმა წილი ჰყარეს, თუ ვინ სად უნდა წასულიყო საქადაგებლად, ქალწულ მარიამს იბერია ხვდა, თუმცა, რადგან მისი ამქვეყნიდან გასვლა მოახლოებული იყო, მაცხოვრის კურთხევით და დედა ღვთისმშობლის ხელდასხმით, საქართველოში ჩამოვიდა წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული და I საუკუნეში მოაქცია ჩვენი წინაპრები და დააარსა ეკლესია, IV საუკუნის დასაწყისში კი ასევე მაცხოვრის კურთხევით და ღვთისმშობლის გამოცხადებით წარმოიგზავნა ქალწული ნინო, რომლის მოციქულებრივი ღვაწლით განახლდა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტეს მაცხოვნებელი მოძღვრება.
საქართველოში მაცხოვრის კვართთან და სხვა სიწმინდეებთან ერთად დაცულია კვართი და სარტყელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. ცნობილია აწყურისა და ივერიის ღვთისმშობლის ხატების მადლმოსილება და განსაკუთრებული ისტორია. საქართველოში მრავალი ეკლესია სწორედ ღვთისმშობლის სახელზეა ნაკურთხი. ქალწულ მარიამის მიძინების სახელზეა აგებული თბილისის პირველი ტაძარიც-სიონი.
ქალწულ მარიამისადმი მრავალი სადიდებელი და სავედრებელი არსებობს. მათშორის არის ეს პატარა ლოცვაც:
„მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ!“