- ვლაქერნობა, ზუგდიდში, ხალხმრავალია, რადგან ღვთისმშობლის კვართის მოსალოცად ზუგდიდელი მართლმადიდებელი მოქალაქეების გარდა, ქვეყნისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან მორწმუნეები. სამეგრელოს სხვადასხვა რეგიონის და ადგილობრივი მეწარმეები ხალხმრავლობის შანსს არ უშვებენ ხელიდან და თავიანთი ნაწარმი, სახელდახელოდ გაშლილ დახლზე გამოაქვთ გასაყიდად.
დღეს, საფარველის მოსალოცად მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, შეეძინათ ნაქარგი ხატები, თექის ნაწარმი, თიხისა და კერამიკის ნივთები, ხის ნაკეთობები, სხვადასხვა სახის რელიგიური ატრიბუტიკის ტიპის სუვენირები, ჯვრები, სამაჯურები, ბეჭდები, ლამაზად ჩამოქნილი კელაპტრები. ეს უკანასკნელი, ამბობენ, სხვადასხვა რეგიონში არსებული დედათა მონასტრის დედების ნახელავიაო.
ერთ მაგიდაზე კულინარიული პროდუქტებიც იყო გამოტანილი დასაგემოვნებლად და გასაყიდადაც.
როგორც ჩანს, დიდმა რელიგიურმა დღესასწაულმა თავისი ქოლგის ქვეშ მოაქცია სახალხო დღესასწაულის ელემენტებიც.
ზუგდიდელები.გე გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს.
15 ივლისი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღეა. ივერიის ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში დაბრძანებული ღვთისმშობლის კვართის მოლოცვა, როგორც სამღვდელოება ამბობს, მომლოცველებს, გვიან საღამომდე შეეძლებათ.