- დღეს, ცენტრალურ ბულვარში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია გაიმართა. კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ და საჯარო მოხელეებმა.
მათ მოქალაქეებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და სამოქალაქო ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა: “2020 წლის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ერთი მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული სამოქალაქო ბიუჯეტისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდში მცხოვრებ პიროვნებებს, ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი შეხედულებებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე, დაგეგმონ თავიანთი უბნის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტი. ზუგდიდში ხუთი ადმინისტრაციული ერთეულია, შესაბამისად, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს ექნება ორასიათასი ლარის შესარულებელი სამუშაოს დაგეგმვის შესაძლებლობა.”
პროექტის წარდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია და ცხოვრობს ზუგდიდში.