დღეს, ზუგდიდმა, პირველად, უმასპინძლა ევროპარლამენტის მოდელირებულ სხდომას, რომელშიც რეგიონის მასშტაბით, 90-მდე ნიჭიერმა და წარმატებულმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. სტუმრებს მიესალმა პროექტის ხელმძღვანელი გიორგი გობეჩია, რომელმაც ისაუბრა პროექტის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე.
“ღონისძიება განსაკუთრებული არის იმით, რომ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს გაეცნონ ევროპარლამენტის მუშაობას და სტრუქტურას. ყველაზე მთავარი ის არის, რომ გამარჯვებული დელეგატები გაემგზავრებიან ევროპარლამენტში, სტრასბურგში, ბრიუსელში და მონაწილეობას მიიღებენ იქ გამართულ ღონისძიებებში, სადაც მათ, საშუალება ექნებათ, სიტყვით მიმართონ თავიანთ თანატოლებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან”.-უთხრა ზუგდიდელებს გიორგი გობეჩიამ. მისი განმარტებით, პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა აღზარდონ, ვისაც აქვს დებატების კულტურა, ადამიანის უფლებათა კომიტეტის და ევროსტრუქტურების ცოდნა, ისეთი თაობა რომელიც მზად იქნება ევროკავშირში შესასვლელად.
პროექტის განმახორციელებელი გახლავთ “ევროპის აკადემიური ცენტრი”. ცენტრის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ეთერ სანაიამ გვითხრა, რომ ათი წელია კომპანია მხარს უჭერს როგორც ახალგაზრდების. ასევე ზრდასრულთა აქტივობებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგების, სემინარების და კონფერენციების ორგანიზების სახით. “ჩვენს კომპანიას ზუგდიდში, დღეს, ერთი წელი შეუსრულდა, შესაბამისად სულ უფრო მაშტაბური ხდება ამ რეგიონისთვის ჩვენს პროექტებში ჩართვის სურვილი, თუნდაც ის, რომ დღეს, ასზე მეტი დელეგატი სტუმრობს ევროპის აკადემიურ ცენტრს მთელი რეგიონიდან, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენი რეგიონი მზად არის მიიღოს და ვითანამშრომლოთ სხვა არასამთავრობო, სამთავრობო თუ კერძო სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ შევთავაზოთ, მათ როგორც კადრების გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, თუნდაც ახალი პროფესიული კურსების სახით დატრენინგება. მზად ვართ, მოვაწყოთ არაერთი ფორუმი და კონფერენცია, რომელიც იქნება საზოგადოების, ახალგაზრდების დაკვეთა და მხარი დავუჭიროთ პროექტებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კომპანია გარდა იმისა, რომ ახორციელებს მსგავსი ტიპის მასშტაბურ პროექტებს, თვითონვე არის სპონსორი წარმატებული დელეგატების, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ევროპის აკადემიური ცენტრის დამფუძნებლებმა და ხელმძღავნელებმა გადავწყვიტეთ, საუკეთესო დელეგატი ასიპროცენტით დავაფინანსოთ, კონკრეტულად გაეროს მოდელირებაში დრეზდენში და ის გაემგზავრება აპრილის თვეში ამ ღონისძიებაზე, ასე, რომ ეს არის უპრეცედენტო პროექტი რეგიონისთვის”.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ გუბერნატორის მოადგილეები და ნიჭიერ ახლაგაზრდებს წარმატებები უსურვეს.
გამარჯვებული გამოვლინდება 10 თებერვალს.