დღეს, ზუგდიდის არტ-გალერეაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების” “მედიამუზეუმმა” ექსპონატები გამოფინა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1901 წლიდან გამოცემული გაზეთები, ჟურნალები, ჟურნალისტების საავტორო წიგნები, ჟურნალ-გაზეთების მატიანეები, პოლიგრაფია,
სხვადასხვა ტიპის ფოტოაპარატები, ტელევიზორი, რადიო, უხმო ვიდეო აპარატი, საბეჭდი მანქანა, პირველი ფაქსი, ფირის გასამჟღავნებელი “წამლებიც” კი. სტუმრებს მიესალმა მედიამუზეუმის დაამარსებელი მარინა დამენია. მან საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ შეიქმნა მედია მუზეუმი ზუგდიდში. მისი თქმით, მედიამუზეუმი ოფიციალურად 2013 წლიდან არსებობს. “თავიდან იყო კოლექცია, მერე იყო ჟინი, მერე იყო რაღაც და მერე მოვიდა მედიამუზეუმის იდეა და პროექტი, რისთვისაც მე, წლების მანძილზე, ვიბრძოდი. ვიცი, რომ დღეს არ არის ისე წარმოდგენილი მედიამუზეუმის ექსპონატები, როგორც საჭიროა, რადგან არ გვაქვს შესაბამისი ფართი. მე გთხოვთ თითოეულ თქვენგანს ვისაც, როგორ შეგეძლებათ მედია მუზეუმს შემოსწიროთ არქივები”. მისი განმარტებით, ზუგდიდის მედიამუზეუმი, საქართველოში ერთადერთი მედიამუზეუმია. “ყველაფრის მუზეუმი არსებობს, მაგრამ მედიის მუზეუმი არ არსებობს. საქართველოს ჰყავს ღვაწლმოსილი ჟურნალისტები, გმირი ჟურნალიტები, რომლებიც არ იცნობს ახალი თაობა და ჩემი ამოსავალი წერტილი იყო, რომ ამათი სახელები შემოგვენახა მომავალი თაობისთვის. არ ვიცი რამდენად შევძელით ამის გაკეთება, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა”.
მედიამუზეუმის დამაარსებელი წუხს ფართის სიმცირის გამო, მაგრამ როგორც გვითხრა, პირდებიან ფართის გაფართოებას და იმედს გამოთქვამს, რომ პირობა მხოლოდ პირობად არ დარჩება.
შეხვედრაზე იმყოფებოდა მწერალი ედემ კვირტია. მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მედიამუზეუმის დამაარსებელმა ეროვნული საქმე გააკეთა. “მედიამუზეუმში სჩანს, საქართველომ რა გზა გამოიარა.”გამოფენას ადგილორივი ხელისუფლების წარმომადგნელები დაესწრნენ.