ზუგდიდი (საქართველო) – ჰონგ-კონგი (ჩინეთი) 2018 წლის 4 აგვისტოს ზუგდიდის საჭადრაკო სკოლამ პროგრამის „ონლაინ ტურნე“-ს ფარგლებში ინტერნეტით მორიგი მატჩი გამართა. ამჯერად საჭადრაკო სკოლის მოჭადრაკეებმა თავიანთი შესაძლებლობები ჰონგ-კონგის საჭადრაკო სკოლის კოლეგებთან გამოსცადეს. ზუგდიდელ მოჭადრაკეებს რესტორანმა „რომანტიკა“-მ უმასპინძლა და მათთვის მყუდრო გარემო შექმნა. თითოეული გუნდი 7 – 7 მონაწილით იყო დაკომპლექტემბული. შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოსავლენად მოთამაშეების განკარგულებაში 25 წუთი იყო ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით. მატჩი ზუგდიდელი მოჭადრაკეების სასარგებლოდ 4 – 3 დასრულდა. ღონისძიება თბილისის დროით 11:00 საათზე, ხოლო ჰონგ-კონგის დროით – 15:00 საათზე დაიწყო. მოეწყო პირდაპირი ვიდეო ტრანსლაცია „იუთუბის“ და „ფეისბუქის“ გვერდებზე, რომელმაც ჩვენს ქალაქებს შორის დიდ მანძილზე გავლებული წარმოსახვითი ხაზი გააცოცხლა.
საჭადრაკო პარტიები გათამაშდა საიტზე: www.lichess.org და გულშემატკივრებს ონლაინ რეჟიმში მიეცათ შესაძლებლობა თვალი მიედევნებინათ ასპარეზობისთვის. ზუგდიდელებს, მატჩის დასრულების შემდეგ, მონაწილეობის მიღებისთვის სერთიფიკატები გადაეცათ. აღნიშნულმა მატჩმა დაუვიწყარი განცდა შეუქმნა მოზარდ მოჭადრაკეებს და ვიმედოვნებთ, რომ ტრადიციად იქცევა და დასაბამს დაუდებს ჩვენს მეგობრობას!