დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან, “სამეგრელოს ხმის” ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ ბრიფინგი გამართა. მან სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ლევან შონიას დასჯა მოითხოვა. მისი თქმით, ლევან შონიას ადგილი ციხეშია. “სამეგრელოს ისევ დასცინიან, გუბერნატორი შონია, წლების განმავლობაში, ივანიშვილისგან და ყველა პრემიერისგან სრული კარტ-ბლანშით ახორციელებდა, მეთოდურად და ორგანიზებულად მართავდა კონტრაბანდულ და დანაშაულებრივ ბიზნესებს სამეგრელოში, ყაჩაღ, ცნობილ კრიმინალისტ დათო შენგელიასთან ერთად”. თენგიზ ჯგუშიას განმარტებით, ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია კლავდა თვითმმართველობას, აყალბებდა არჩევნებს, ჩეხავდა ხე-ტყის მასივებს. მისი თქმით, დიდი ბურუსით არის მოცული შონიას საეჭვო და დანაშაულებრივი ნაბიჯები ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხთან მიმართებაში. შონია გამოირჩეოდა რეკორდული მაჩვენებლებით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში.
“სამეგრელოს ლიდერმა” მომავალ გუბერნატორს წარმატებები უსურვა და ისიც დასძინა, რომ ახალმა გუბერნატორმა მოსახლეობასთან პირობა უნდა დადოს. დანიშვნიდან პირველივე დღეს, უნდა შეუდგეს კონტრაბანდის “ალაგმვას”, შეისწავლოს რა ხდება თხილის ფასებში. “სამეგრელოს მომავალმა გუბერნატორმა პირობა უნდა დადოს, რომ სამეგრელოში თვითმმართველობის ინდექსი იქნება მაღალი, არ უნდა “მოაჯდეს” შონიასავით თავს მერებს, გამგებლებს და სოფლის რწმუნებულებს. გუბერნატორმა საჯარო უნდა გახადოს თავისი მმართველობის ხარჯები და უბრალო მანქანით უნდა იაროს და მეტი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მოსახლეობასთან. იარონ ფეხით, უბრალო მანქანებით, ბოლო მოუღონ კონტრაბანდულ და უაქციზო პროდუქციას სამეგრელოში”.
თენგიზ ჯგუშიამ ყურადღება გაამახვილა გუბერნატორის ინსტიტუტისა და რეგიონალური მართვის მიმართულებით ახალშექმნილ უწყებაზე. მისი თქმით, პირდაპირ “შევარდნაძისგან იღებენ” ონლაინ რეჟიმში რჩევებს. “დღეს “ვერტიკალზე” ახალი სამსახურის შექმნა, მაკონტროლებლის და ზედამხედველის ფუნქციით, რეგიონულ თვითმმართველობებზე სუბარის ხელში არის პირდაპირ “თვალში ნაცრის შეყრა” და “სულში ჩაფურთხება” ქართველი მოსახლეობისთვის,”-უთხრა ჟურნალისტებს ჯგუშიამ.