დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, საზოგადოებას, საკუთარი საქმინაობის ექვსი თვის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ფრაქციის და მათ მიერ ინიცირებულ პროექტებზე და მოსახლეობასთან გამართული შეხვედრები შეაჯამეს. ასევე განიხილეს ფრაქციის სამომავლო გეგმები. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ანა წითლიძის ინფორმაციით, ფრაქციას ექვსი თვის განმავლობაში, ჰქონდა 86 შეხვედრა. 44 ინდივიდუალური და 42 საჯარო შეხვედრა. “ექვსი თვის განმავლობაში ფრაქციამ ნამდვილად შესძლო, მაქსიმალურად მეტი მოქალაქეების პრობლემა დაეყენებინა საკრებულოს სხდომაზე, ყოფილიყო შუამავალი ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოქალაქეებს შორის. საერთო ჯამში, ფრაქციას ექვსი თვის განმავლობაში ჰქონდა 86-ზე მეტი შენიშვნა და რეკომენდაცია. ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია გადაგზავნილ იქნა ჩვენი მხრიდან ზუგდიდის მერიაში და საკრებულოში”.
ფრაქციის მთავარ მიღწევად ანა წითლიძე მიიჩნევს, რომ 90-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდათ ადგილობრივ მოსახლეობასთან. “74-ზე მეტი შუამდგომლობა დავაყენეთ ზუგდიდის საკრებულოში და მერიაში, სადაც ვიყავით, შუამავალი ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის. 34 ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, დანარჩენზე, სამწუხაროდ, მოვიდა უარყოფთი პასუხი. ჩვენ ასევე, ვიყავით, შუამავლი ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის, როდესაც საქმე ეხებოდა ქალაქისათვის მნიშვნელოვან საკითხებს: გარევაჭრობას, პარკირებას. სულ ასეთი 36 ინიციატივა ჰქონდა ფრაქციას.”
ანა წითლიძე ამბობს, რომ ექვსი თვის განმავლობაში სტატისტიკურად 500-ზე მეტ მოქალაქეს შეხვდნენ და მათი პრობლემის მიტანა შესძლეს საკრებულოს სხდომებზე.
აღნიშნულ ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს, პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვიტარების სააგენტოს (USAID) მიერ.