15 ივლისი, ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, სასულიერო და საერო პირებმა დიდი პატივით გადააბრძანეს ღვთისმშობლის კვართი დადიანების სახელობის მუზეუმის საცავიდან ქალაქის მშენებარე ტაძარში. სალიტანიო მსვლელობა გაიმართა ივერიის ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმართულებით, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარისა და თავისუფლების მოედნის გავლით. ათ საათზე ზუგდიდის ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია აღავლინა. მეუფე გერასიმემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.
ვლაქერნობის დღესასწაულზე, ზუგდიდს უამრავი სტუმარი ჰყავს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნიდან. მრევლს, დღევანდელი დღე მიულოცა პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ, რომელიც დაესწრო წირვას.
სპეციალურად, ამ დღისთვის, ზუგდიდს ეწვია პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხვა წევრებთან ერთად. პრემიერი დაესწრო წირვას, ბოლოს, მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა. “მინდა მივულოცო ყველა ქრისტიანს და მართლმადიდელებს ეს დღე, ზუგდიდს, სამეგრელოს მოსახლეობას და ჩვენ მოქალქეებს აფხაზეთიდან. ვიცი, რომ ბევრი მათგანი აქაა. ასევე ვულოცავ მათ, ვინც ზუგდიდში სხვადასხა რეგიონიდან ჩამოვიდა. მინდა ვუსურვო თითოეულ ოჯახს კეთილდღეობა. საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და დღევანდელი დღეც ემოციურია”-აღნიშნა ბახტაძემ. მეუფე გერასიმემ, პრემიერს, საჩუქრად ხატები გადასცა.
წირვის დასრულების შემდეგ, პრემიერს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მშენებარე ტაძარში დაბრძანებული ღვთისმშობლის კვართის მოლოცვა ზუგდიდში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მრევლს, შეუძლიათ საღამოს 20:00 საათამდე.
ვლაქერნობაზე ჩამოსულ სტუმრებს ზუგდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი გერასიმე წირვის დამთავრების შემდეგ რესტორან “თავადურში” მასპინძლობს.
ვლაქერნობის დღესასწაულზე იმყოფებოდნენ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქარაძე და “ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე” შალვა ნათელაშვილი.