დილიდან, დევნილთა სამმართველოსთან შეიკრიბნენ ის იძულებით გადასახლებული პირები, რომლებიც უკმაყოფილო არიან იმით, რომ ვერ მიიღეს ბინები, ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში. ისინი დილიდან, ცდილობდნენ, პროტესტის ნიშნად, გადაეკეტათ ცენტრალური გზა, მაგრამ პოლიციამ არ დართო ნება.
ადგილზე იმყოფებიან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში 240 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 4 თორმეტსართულიანი კორპუსი ააშენა. დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დაასრულა 240 ბინის განაწილების პროცესი და სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა იმ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ.